1751921238
„ეს არასერიოზული და არალოგიკურია“ - გიორგი სიორიძე წითლიძის განცხადებაზე

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებაზე და პარტიის პოზიციაზე ისაუბრა.
სიორიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბევრ კრიტიკას იღებს, ისინი მაინც არ აპირებს ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნას.
მისივე თქმით, "ლელოს" მთავარი სამიზნე კვლავ "ქართული ოცნება" რჩება.
"არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ვიღებთ უსამართლო კრიტიკას, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
ვფიქრობთ, ფოკუსი არ უნდა დავკარგეთ, ჩვენი მეტოქე, ამ შემთხვევაში, არის "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, მხოლოდ ის უნდა იყოს ჩვენი სამიზნე. ოპოზიციის ოპოზიციონერობას არ ვაპირებთ, რაც არ უნდა უსამართლო კრიტიკას წავაწყდეთ სხვების მხრიდან, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადებას, რომლის თქმითაც თავდაუსხმელობის გამო "ლელო" სხვა ოპოზიციურ პარტიებს ფულს სთავაზობდა, "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი არასერიოზულსა და არალოგიკურს უწოდებს.
"ეს არასერიოზული და არალოგიკურია, რომ თავდაუსხმელობის გამო "ლელო" ფულს იხდიდა. მესმის, "ლელოზე" ხშირად საუბრობენ და ამ თემის წამოწევა სურთ - "ფული აქვთ და ფული არის მათი დიდი ვალუტა, რომელსაც პოლიტიკაში იყენებენ".
ჩვენში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპი, არსებობს საზოგადოების ერთგულება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არაფერი კარგის მომცემია ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა. ჩვენ ვუფრთხილდებით იმას, რომ სხვებიც არიან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და არ გვსურს მათ მიმართ იერიში განვახორციელოთ", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.