დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

„საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, კელი დეგნანმა და ქალბატონმა ფონ კრამონმა განაცხადეს, რომ ამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმური იქნებაო. მათ წინასწარ გამოუცხადეს უნდობლობა შედეგებს. იმავეს აკეთებენ ახლაც, [როცა ევროპარლამენტიდან გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ]. უბრალოდ, საინტერესოა ის აბდაუბდა გზავნილები, განსაკუთრებით, მათი ე.წ. ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ყოველდღიურად აბსოლუტურად გაუგებარ ფორმულებს ყრის. გასაგებია, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ე.წ. ქარტია უნდა იყოს ყველაზე ლეგიტიმური დოკუმენტი ამ სახელმწიფოში, მაგრამ, ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მან ნეოტროცკისტული ფორმულაც შემოაგდო, როცა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ ბოიკოტი, ორივე ვარიანტი ან მისაღებია, ან - დასაგმობიო. ნეოტროცკისტული იმიტომ, რომ როდესაც პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ლევ ტროცკიმ ბრესტის ზავის ხელმოწერის დროს ასეთი, ძალიან საინტერესო ფორმულა გააჟღერა - ომს კი ვასრულებთ, მაგრამ მშვიდობის შესახებ ხელს არ მოვაწერთო. შესაბამისად, ვხედავთ, რომ რადიკალები თავიანთ ტოპ ლიდერებთან ერთად, დასავლეთში, [არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით] ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

მათი ჩიხში შესვლაც გასაგებია - მშვენივრად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ და ამით მათი ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია. იმ დროს კი, როცა ერთმანეთთან ამა თუ იმ საკითხზე კინკლაობა მოსდით, ხელი არ უნდა შევუშალოთ - ერთმანეთს განაჩენი თვითონ უნდა გამოუტანონ. ჩვენ ვიცით ერთი რამ - ჩვენს უკან არის მილიონ ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, რომელსაც ის სამშვიდობო კურსი, რაც ხელისუფლებას უჭირავს, სჭირდება, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნების დონეზეც. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამომრჩევლის ნდობა გავამართლოთ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.