დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

 დავით მათიკაშვილი

 ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

„სადისტური რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, გიგი უგულავა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში, ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„მიუსაფარ ძაღლებთან ბრძოლის ერთად ერთი მიზეზი - შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას! არასდროს ძაღლები არ არიან "ძაღლების" მხარეს. მეტიც უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, ათასი უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ. პ.ს. ზოგჯერ ჭკუის შეშლამდე ბანალურია ალოგიკური გადაწყვეტილებების მოტივაცია“.