ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს, NATO-ს წევრების გადაწყვეტილებებზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს, ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებებზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, ეს საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას.

„აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თავიდანვე განაცხადა, ჯერ კიდევ კაბინეტში მოსვლამდე, რომ რუსეთის შეშფოთება უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით სამართლიანი იყო, ვინაიდან არ უნდა თავის საზღვარზე, საფეთქელზე მიბჯენილი ნატო-ს რაკეტების ხილვა და ამან განაპირობა ომი, მოლაპარაკების საშუალება იყო და ეს საშუალება ზელენსკიმ არ გამოიყენაო. ამაზე თავიდანვე იყო ლაპარაკი, მაგრამ როდესაც საუბრობენ, მზად არიან, განიხილონ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შევლენ თუ არა ნატო-ში, რასაკვირველია, ამერიკას ყველაზე მეტი სიტყვა ეთქმის. როგორც კონდოლიზა რაისი ჯერ კიდევ 2008 წელს წერდა, აშშ-ის გარდა, ნატო-ს ქვეყნებიც არ არინ მონდომებული, შექმნან ისეთი ვითარება, რაც მათ პრობლემას შეუქმნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიაა.

„ორი დიდი სახელმწიფო, ორი დიდი ძალა ერთმანეთთან როდესაც საუბრობს, ამ თემის მოლაპარაკების მაგიდაზე დადება დასაფიქრებელია საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც უკრაინა ითხოვდა, თუ არ შევალ ნატო-ში, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები მომცენო. ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს. ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებებზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ. ვფიქრობთ, რომ ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია, თუ რამე ალტერნატივა არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, ეს არის ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, ეს უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ამ თემიდან კიდევ ერთი დასკვნაა გასაკეთებელი, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასაც კი, თავისი ამ უბედურებით, რაც გამოიარა, არ გააჩნია რესურსი, გავლენა მოახდინოს გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, როდესაც ასეთი პროცესი მიდის მსოფლიოში. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, ქვეყანაში არ იყოს ექსტრემიზმის არანაირი პერსპექტივა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით ისე, რომ არ მოგვიკითხავს არავინ. ყურადღებით ვიყოთ, მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჩვენ ველოდებით, რომ ეს გამოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ვლადიმერ პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც.