1750278097
ჩვენი სურვილია, რომ მომავალ კვირას უკვე შევძლოთ გენერალური პროკურორის არჩევა - პაპუაშვილი

ჩვენი სურვილი არის, რომ მომავალ კვირას უკვე შევძლოთ გენერალური პროკურორის არჩევა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, როგორც კი საპროკურორო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გენ. პროკურორის კანდიდატურის თაობაზე, საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება.
„ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ საპროკურორო საბჭოს ჰქონოდა უფრო ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მათ აქვთ, შეერჩიათ კანდიდატურა და ყოველგვარი გარე ჩარევების და ზემოქმედების გარეშე, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება. საბჭო მსჯელობს ამაზე და როგორც კი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გვექნება, პარლამენტი გააგრძელებს უკვე საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობას. ჩვენ მომავალ კვირას გვაქვს სასესიო კვირა და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი არის, რომ მომავალ კვირას უკვე შევძლოთ გენერალური პროკურორის არჩევა“, - აცხადებს პაპუაშვილი.