აშშ-ის საელჩო სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ashh-is saelcho

აშშ-ის საელჩო სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, შეხვედრაზე შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვა საკითხები განიხილეს.

„სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებების გამო შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს მხრიდან აუცილებლობა, უზრუნველყოს კეთილდღეობა, პროგრესი და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სტივ დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დეინსმა აღნიშნა, რომ მიესალმება კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.