1748980445
არსებობს კანონი და, შესაბამისად, იმ არასწორი, ამორალური საქციელისთვის მივმართე სამართალდამცველებს, რომელთა მიმართაც მაქვს ნდობა, პატივისცემა და მადლიერება - მარიამ ლაშხი

არსებობს კანონი. შესაბამისად, იმ ამორალური საქციელისთვის მივმართე სამართალდამცველებს, რომელთა მიმართაც მაქვს ნდობა, პატივისცემა და მადლიერება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა.
„დანაშაულის კლასიფიკაციას არ ვახდენ. მე ვარ როგორც ერთი დამოუკიდებელი მოქალაქე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით. კანონმდებელი როდესაც ხარ, განსაკუთრებული მაგალითი უნდა იყო, როგორ უნდა დაიცვა როგორც ბავშვები, შენი ქვეყანა, ასევე ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაც ქვეყანაში არსებობს. ქვეყანაში არსებობს კანონი და, შესაბამისად, როგორც კანონმდებლის, მოქალაქის და ასევე დედის ინსტიქტით განვახორციელე იმ არასწორი, ამორალური და კანონდამრღვევი საქციელის შესაბამისი მიმართვა სამართალდამცველებთან, რომელთა მიმართაც დიდი ნდობა, პატივისცემა და მადლიერება მაქვს.
სამართალდამცავებმა ამ დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. კანონთან ყველა იქნება მართალი. ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა. სრულწლოვანი თუ ხარ, იმ დანაშაულებზე, რასაც ჩადიხარ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. შესაბამისად, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, კანონმდებლის და ასევე დედის ინსტიქტით გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. თავად მარიამ ლაშხი შემთხვევის შემდეგ აცხადებდა, რომ მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლის. მისი შეფასებით, ეს იყო არა მხოლოდ საჯარო მოხელეზე, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა.
მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.