ტრამპი ნეთანიაჰუზე: ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მინდა, რომ გააკეთოს - ის ძალიან კარგი ადამიანია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სრულიად ერთი და იგივე პოზიცია აქვს.

„ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მინდა, რომ გააკეთოს. ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მან ისრაელში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კენჭისყრაზეც იხუმრა.

„ახლა ისრაელში 99%-იანი რეიტინგი მაქვს. შემიძლია პრემიერ-მინისტრობაზე ვიყარო კენჭი. ასე რომ, შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეს მოვრჩები, ისრაელში წავიდე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გავხდე. ამ დილით გამოკითხვის შედეგები ვნახე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ დაუსვეს კითხვები, რაც ისრაელის მე-12 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ღამით „ხანგრძლივი და დრამატული სატელეფონო საუბარი“ გამართეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

გუშინ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ ომი „ძალიან სწრაფად“ დასრულდება მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, მან გააუქმა ახალი თავდასხმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაასრულებდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას „არ ჩქარობს“.

„ჩვენ მოგვიწევს [ჰორმუზის] სრუტის გახსნა, ეს დაუყოვნებლივ მოხდება. ასე რომ, ჩვენ ამას ერთ შანსს მივცემთ“, - დასძინა მან.