მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
სლოვაკეთის ხელისუფლება ბუნებრივი აირის მიღების შესახებ, სულ მცირე, 10 წლის ვადით, აზერბაიჯანთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტოსთან ინტერვიუში სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, ტომაშ ტარაბამ განაცხადა.
„სლოვაკეთს სურს ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან სანდო პარტნიორია“, – აღნიშნა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა.
ტარაბამ ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ სლოვაკეთისთვის ენერგომატარებლების მიწოდებაში გაწეულ დახმარებაზე უკრაინის გავლით ტრანზიტის გარშემო კრიზისის დროს.
ამავდროულად, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის თქმით, კვლავ ღია რჩება საკითხი, რა გზით უნდა მივიდეს აზერბაიჯანული გაზი ცენტრალურ ევროპაში. მხარეები ამჟამად განიხილავენ, რომელი მილსადენები შეიძლება იყოს გამოყენებული და რა მოცულობებით.
მანამდე, სლოვაკეთის უმსხვილესი ენერგოოპერატორის, Slovenský plynárenský priemysel-ის (SPP) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია ახალ მომწოდებლებს ეძებს, რადგან ევროკავშირი 2027 წელს რუსულ გაზზე უარის თქმას გეგმავს. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-თან გრძელვადიანი მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2024 წელს აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება საპილოტე კონტრაქტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლის პირველ ნოემბრამდე სრულად შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის იმპორტი. გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი უნდა შეწყდეს 2026 წლის ბოლომდე, ხოლო მილსადენებით მიწოდება – 2027 წლის 30 სექტემბრამდე. თუმცა ვადამ, შეიძლება, გადაიწიოს 2027 წლის პირველ ნოემბრამდე, წევრი ქვეყნები გაზსაცავების შევსების სირთულეებს თუ შეხვდებიან. გარდა ამისა, აიკრძალება ახალი გაზის კონტრაქტების დადება რუსეთთან და ეს რეგულაცია ძალაში შევა ახალი კანონის ამოქმედებიდან ექვსი კვირის შემდეგ. სლოვაკეთმა და უნგრეთმა, რომლებიც პირდაპირ ყიდულობდნენ რუსულ გაზს, განაცხადეს, რომ ამ აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებენ. 2025 წლის სექტემბერში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს.