1748980445
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობის დროს ხუთასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ამჟამად პატიმრობაში რჩება, სულ მცირე, 323 ადამიანი

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობის დროს, წუხანდელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 80 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში კი, საფრანგეთის პოლიციამ 559 ადამიანი დააკავა. პარიზის პოლიციის ხელმძღვანელის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ამჟამად პატიმრობაში რჩება, სულ მცირე, 323 ადამიანი.
„ეს ძალიან დიდი რიცხვია და აბსოლუტურად უპრეცედენტოა“, – აღნიშნა ნუნიესმა.
დაკავებები მოხდა იარაღის უკანონო ტარების, პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.
პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებები მას შემდეგ დაიწყო, რაც შაბათ საღამოს „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.