1749064311
რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში ჩირაგანის სასახლეში დახურულ რეჟიმში საათზე მეტხანს გაგრძელდა

რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში ჩირაგანის სასახლეში დახურულ რეჟიმში საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველი რაუნდის მსგავსად, რუსეთის დელეგაციას კვლავ პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა, უკრაინის დელეგაციას კი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. მედინსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას ომის დასრულების პირობების შესახებ მემორანდუმი გადასცა. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ეხება „გრძელვადიანი მშვიდობის“ მიღწევას, მეორე კი ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებს. უკრაინა ტექსტს ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის.
თავად უკრაინამ მისი მემორანდუმი მოსკოვს მოლაპარაკებებამდე გადასცა.
რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. უმეროვის თქმით, საუბარია მძიმედ დაჭრილი და მძიმე სნეულებით დაავადებული ტყვეების, ასევე 18-დან 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. თითოეული მხარე სულ მცირე 1000 ადამიანს გაცვლის. გარდა ამისა შეთანხმდნენ 6000-6000 ფორმულით დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზეც.
ასევე უკრაინის დელეგაციამ რუსეთს გადასცა 339 ბავშვის სია, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვს.
უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო მათი შეთავაზება უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესში აშშ-ის უფრო აქტიური მონაწილეობის შესახებ.
მოლაპარაკებების შედეგებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი - ზელენსკის თქმით, რუსეთი "მზად არის მხოლოდ ორ-სამდღიანი ზავისთვის, რათა საბრძოლო ველიდან ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვონ. მე მიმაჩნია, რომ ისინი იდიოტები არიან. ხედავთ მათ განწყობას, ომში მათთვის ეს მცირე პაუზის საკითხია", - განაცხადა ზელენსკიმ.