1755707851
ნარკოკარტელებთან ბრძოლის ფარგლებში აშშ სამხედრო გემებს გზავნის ვენესუელის სიახლოვეს

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, ლათინურ ამერიკული ნარკოკარტელებისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფარგლებში, ამერიკა ვენესუელის მიმდებარე წყლებში სამ Aegis-ის ტიპის მართვადი რაკეტებით აღჭურვილ საესკადრო ნაღმოსანს გზავნის.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, USS Gravely, USS Jason Dunham და USS Sampson-ის დანიშნულების ადგილზე ჩასვლას მალე მოელიან.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რეგიონში სამხედრო ნაწილები ნარკოტიკებთან ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით გაგზავნეს. მაღალჩინოსნის მიხედვით, აშშ რეგიონში გემებს "რამდენიმე თვის განმავლობაში" განალაგებს.
აგვისტოს დასაწყისში გამოცემა New York Times საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპმა საიდუმლოდ პენტაგონის მისამართით ხელი მოაწერა განკარგულებას, რათა დაიწყოს სამხედრო ძალის გამოყენება იმ ლათინურ ამერიკული ნარკოკარტელების წინააღმდეგ, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.