მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა თუ გვსურს, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

შეგიძლიათ, დაეყრდნოთ იტალიას, როგორც თავიდანვე, ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სამ-ნახევარი წელი ჩვენ ვერ ვხედავდით ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ რუსეთის მხარეს ჰქონდა დიალოგის სურვილი. ასე რომ, რაღაც იცვლება, რაღაც შეიცვალა. დიდი მადლობა თქვენ, პრეზიდენტო ტრამპ. მადლობა ასევე ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებისთვის, რომელიც მიღწეულია უკრაინელების სიმამაცით და იმ ერთიანობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვაჩვენებთ უკრაინელებს. ეს იმიტომ ვთქვი, რომ თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომაც არის ეს საუკეთესო დღე. ცხადია, შეგიძლიათ, დაეყრდნოთ იტალიას, როგორც თავიდანვე იყო, ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. პირველი არის უსაფრთხოების გარანტიები, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება, რაც ყველა სახის მშვიდობის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ საუბარს დავიწყებთ წინადადებით, რომელიც ნატო-ს მეხუთე მუხლის მოდელია“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

თეთრ სახლში გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.