მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი, გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ირანისთვის დიპლომატიურ წინადადებას ამზადებს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ირანისთვის ამზადებს კომპლექსურ დიპლომატიურ წინადადებას, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებაა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა აღნიშნული შეთავაზება გადასცეს.

„ირანმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკების პლატფორმაში ჩართვის მზაობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ირანთან შინაარსიანი მოლაპარაკებების აღდგენა. როგორც მაკრონმა განმატა, ირანისთვის წარსადგენი წინადადება ოთხ ასპექტს მოიცავს.პირველი ითვალისწინებს IAEA-ს (საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს) მუშაობის განახლებას ყველა ობიექტზე წვდომის შესაძლებლობით, რათა ირანმა სრულად შეწყვიტოს ურანის გამდიდრება; მეორე და მესამე პუნქტები ეხება ირანის ბალისტიკური რაკეტების კონტროლსა და რეგიონში მისი მოკავშირე ჯგუფების დაფინანსების ზედამხედველობას; მეოთხე ასპექტი ირანის მიერ „მძევლების“ გათავისუფლებას.

მაკრონმა განაცხადა, რომ არავინ არ უნდა აიგნორებდეს რისკს, რომელსაც წარმოადგენს ირანი ბირთვული იარაღით. საფრანგეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით შეუძლებელია ირანის ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო დარტყმების მასშტაბები.

„ვთვლი, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არცერთი მიზანი ამას არ ამართლებს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.