„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა, რათა მან ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს, არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ეს არის მისი პირველი ინტერვიუ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ.
ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და „ვინც ფიქრობს, რომ ის გაჩერდება“, თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რაიმე ტერიტორია დაუთმეს, „უბრალოდ სულელია“.
„უბრალოდ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ ჩვენ ნებას დავრთავთ დიქტატორს, ბანდიტს, გადაწყვიტოს, რომ აიღოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისა, რომელიც მისი არ არის, ეს მას დააკმაყოფილებს. არ მესმის“, – აღნიშნა ბაიდენმა.
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას მისცა ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ.
„ჩვენ მათ მივეცით ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მზად ვიყავით, უფრო აგრესიულად გვეპასუხა, თუ პუტინი კვლავ გააგრძელებდა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენს ასევე ჰკითხეს ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებზე, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ კიევმა უნდა დათმოს გარკვეული ტერიტორიები სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, რაც ომს დაასრულებს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში აშშ-ევროპის ურთიერთობების გაუარესების შესაძლებლობით, რაც მისი თქმით, „შეცვლიდა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას“.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „ევროპა დაკარგავს რწმენას ამერიკის სიმტკიცისა და ლიდერობის მიმართ“.
აშშ-ის მოკავშირეებთან ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ კითხვაზე, ყოფილმა პრეზიდენტმა დაგმო ტრამპის მოწოდებები, რომ აშშ-მა დაიბრუნოს პანამის არხი, შეიძინოს გრენლანდია და კანადა 51-ე შტატად აქციოს.
„რა ხდება აქ? რომელი პრეზიდენტი საუბრობს ასე? ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ თავისუფლების, დემოკრატიის, შესაძლებლობების შესახებ ვსაუბრობთ და არა კონფისკაციაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
როდესაც ბაიდენს ჰკითხეს პრეზიდენტ ტრამპის პირველი 100 დღის შესახებ, რომელიც სავსე იყო აღმასრულებელი ბრძანებებით, ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრიუმფალურს ვერაფერს ხედავს.
„ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა. ჩვენ მივდიოდით ისეთი მიმართულებით, სადაც საფონდო ბაზარი მაღლა იყო. ჩვენ ვიყავით ისეთ სიტუაციაში, სადაც ვაფართოებდით გავლენას მთელ მსოფლიოში დადებითი გზით, ვზრდიდით ვაჭრობას. ისტორიას მივანდობ ამის განსჯას. მე ტრიუმფალურს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ბაიდენმა.