ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება - უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

თელ ავივი

უკვე მეორე დღეა, ისრაელში უსაფრთხოების მაღალი დონეა ამოქმედებული. ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, მუშაობს მხოლოდ პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრები და პროდუქტების მაღაზიები.

ამჟამად, თელ-ავივში სრული სიმშვიდეა. მოსახლეობა ქუჩებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს გადაადგილდება, რადგან ისრაელში მცხოვრებმა თითოეულმა პირმა მიიღო გაფრთხილება ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომ ამ ღამით
ირანის მხრიდან საფრთხე კვლავ მოსალოდნელია.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ისრაელი მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

ამ წუთებში, ისრაელის ავიაცია აკონტროლებს როგორც ისრაელის ცას, ისე ირანის საჰაერო ზონას, რადგან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელის ავიაციამ მოახერხოს რაკეტების განადგურება იქამდე, სანამ ის ისრაელის ცამდე მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. შედეგად, გარდაიცვალა 3 და დაშავდა 150 ადამიანი.