ილონ მასკი საბავშვო ჩათ-ბოტს ქმნის

ილონ მასკი

ილონ მასკის სტარტაპმა xAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩათ-ბოტის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვერსიის შექმნა დაიწყო.

როგორც მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აპლიკაციას Baby Grok ერქმევა. მასკის თქმით, ის ბავშვებზე ორიენტირებულ კონტენტს შემოგვთავაზებს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

xAI-მ ჩათ-ბოტი Grok 2023 წელს შექმნა. ის ტექსტებისა და გამოსახულებების გენერირებას ახერხებს და მომხმარებლებთან კომუნიკაციაც შეუძლია. აპლიკაცია ინფორმაციის რეალურ დროში მიღებასაც ახერხებს ინტერნეტის და სოციალური ქსელ X-ის მეშვეობით.

ივლისის დასაწყისში, მასკმა და xAI-მ ახალი ნეირონული ქსელი Grok 4 წარადგინეს. როგორც დეველოპერები ირწმუნებიან, ის წინა ვერსიაზე 10-ჯერ უფრო ძლიერია. მათი თქმით, ჩათ-ბოტს ახლა უკეთ ესმის რთული თემები და მასკის მტკიცებით, მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებაც შეუძლია.