გაუთხოვარი ორსული ქალების თავშესაფრის ეზოში 796 ჩვილი ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს

ირლანდია

ირლანდიაში, ტუამის ქალაქთან (გოლვეის საგრაფო) ახლოს, ყოფილი გაუთხოვარი ორსული ქალებისთვის განკუთვნილ თავშესაფრის ტერიტორიაზე ბავშვების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. 

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმეტესობის ასაკი სამ წელზე მეტი არ იყო.

ექსპერტებმა სამარხიდან შესასწავლად აიღეს ძვლის ფრაგმენტებისა და ნიადაგის საკონტროლო ნიმუშები. წინასწარი მონაცემებით, ბავშვების უმეტესობა დაავადებებისა და მუდმივი არასრულფასოვანი კვების გამო გარდაიცვალა.

„ეს ძალიან მძიმე ამბავია და რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვიქვათ ეს ძალიან სერიოზულად“, - განაცხადა ირლანდიის ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, კეტრინ ზაპონმა. - მიღებული ინფორმაცია ჩემს ეჭვებს ადასტურებს. და რაც მთავარია, აღმოჩენილი ნეშტები თავშესაფრის ფუნქციონირების პერიოდს (1925-1961) მიეკუთვნება და არა ჩვენი ისტორიის წინა პერიოდებს, როდესაც შიმშილობა იყო“.

აღსანიშნავია, რომ გაუთხოვარი ორსული ქალებისთვის განკუთვნილ თავშესაფარს ბონ-სეკურის კათოლიკური ორდენის მონაზვნები მართავდნენ. თვშესაფარში მონაზვნების ჯგუფი ზრუნავდა როგორც ბავშვებზე, ასევე დედებზე. ჩვილების დაბადების შემდეგ, დედებს ართმევდნენ და მონაზვნებს აძლევდნენ ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე. თუმცა, დედები იძულებულნი იყვნენ იქ ერთი წელი დარჩენილიყვნენ და ანაზღაურების გარეშე ემუშავათ. ბონ სეკურში, ხელახლა დაორსულებულ ქალებს ხშირად მაგდალინელთა სამრეცხაოებში აგზავნიდნენ. დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ქალები, რომლებიც მოტყუებით ან იძულებით იყვნენ ჩადენილი სექსუალური აქტების ჩადენაში, გაუპატიურების ან ინცესტის მსხვერპლნი, ობოლი გოგონები და ისინი, ვინც ოჯახების მიერ მიტოვებული ან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. 1961 წელს თავშესაფარი დაიხურა.

გამოძიება ისტორიკოს კეტრინ კორლესის წიგნმა გამოიწვია, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ თავშესაფარში 796 ბავშვი და ჩვილი ფარულად დაკრძალეს. ჩვილების უმეტესობა ტუბერკულოზით, წითელათი, ყივანახველით ან გრიპით იღუპებოდა.

ისტორიკოსის ნაშრომზე დაყრდნობით, 2015 წელს ირლანდიის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია გამოსაძიებლად. 2016 წლის ბოლოს დაწყებულმა გათხრებმა სამწუხარო ფაქტები დაადასტურა.

კომისიამ ასევე განმარტა, რომ 1925 წლიდან 1998 წლამდე ირლანდიაში სულ 14 დაწესებულება იყო, სადაც გაუთხოვარი ორსული ქალები იყვნენ განთავსებული და, როგორც ამბობენ, მათში ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულად მაღალი იყო. მიმდინარე გამოძიება მალე მათაც უნდა შეეხოს.

კეტრინ კორლესის თქმით, 1925-დან 1961 წლამდე ბონ სეკურის დედათა და ბავშვთა სახლში 798 ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი დაკრძალეს რეალურ სასაფლაოზე. The NY Post-ის ცნობით, დარჩენილი 796 ბავშვი, სავარაუდოდ, ორმოს სახელით ცნობილ სეპტიკურ ავზში ჩაყარეს.

ბონ სეკურის დედათა და ბავშვთა სახლი ამჟამად თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია.