1692302192
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.
როგორც გერმანული მედია წერს, კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ.
მოსკოვმა ბერბოკი „გამჭვირვალე მიკერძოებულობაში“ დაადანაშაულა და დაჟინებით მოითხოვა ფარული კენჭისყრის ჩატარება.
არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ბერბოკმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს ნდობისთვის და დაჰპირდა, რომ იქნებოდა გაეროს ყველა წევრი ქვეყნის „პატიოსანი შუამავალი“.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ, როგორც წესი, ეს ცერემონიალური ხასიათისაა,მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო დიპლომატიაზე. ანალენა ბერბოკი 2021-2024 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.