ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“.
რეზოლუციის თანახმად, „ასამბლეა შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს“.
„რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის.
ასამბლეა შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.
გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.
აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს და ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას.
ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის (EU) საწინააღმდეგო მზარდი რიტორიკის გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს.
უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: „სიტუაციის დეესკალაციისკენ და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად; პატივი სცენ შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; დაუბრუნდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას“.
ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას აჩვენებს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროპაში ხედავს.
„ასამბლეა დეკლარაციაში ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.