სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1749822073
უმსხვილესი ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, მათ შორის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორისთვის დამატებითი სანქციების დაწესებით. აღნიშნულის შესახებ მინისტრებმა რომში „ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე შეუერთდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
„მტკიცედ ვართ მზად, შევინარჩუნოთ ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსული სუვერენული აქტივები გაყინულ მდგომარეობაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და არ აანაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზარალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების ადეკვატურ გარანტიებს, რაც ასევე გულისხმობს ძლიერი არმიისა და თავდაცვის ინდუსტრიის ქონას.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო რჩება მათი კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედად და სამიტზე უნდა იქნას მიღებული ალიანსის გაძლიერების გადაწყვეტილებები, რათა ის მზად იყოს, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება უფრო ძლიერი და სუვერენული ევროპისადმი, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი მოქალაქეები, მისი ინტერესები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ მიზნით, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების, თავდაცვის გასაძლიერებლად და ნატო-ში ევროპის წვლილის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ უფრო დიდი როლი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
განცხადებაში საუბარია სხვა ქვეყნებთან პარტნიორობაზეც.
„გავაძლიერებთ პარტნიორობას რეგიონებში, რომლებსაც გავლენა აქვთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, რათა გავუმკლავდეთ არასტაბილურობას და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, კეთილდღეობას, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, დასავლეთ ბალკანეთში, შავი ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.