El País: აშშ დანიასთან გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს

ფოტო: AP

 დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ შორს არის განელებისგან - აშშ და დანია იანვრიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს პლანეტის უდიდეს კუნძულზე მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფოს სამხედრო გაფართოების შესახებ, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი.

„აშშ-ის პრეზიდენტის მუქარის შემდეგ, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიის ძალით ანექსიას ეხებოდა, პროცესი, როგორც ჩანს, დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნდა“, - ნათქვამია სტატიაში.

პენტაგონი სამი ახალი ბაზის გახსნას გეგმავს, რაც შეესაბამება ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის მოქმედ თავდაცვის შეთანხმებას.

თუმცა, ტრამპის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ აღნიშნული ობიექტები აშშ-ის სუვერენულ ტერიტორიებად გამოცხადდეს - ეს კი ის პირობაა, რომლის მისაღებადაც დანიელი და გრენლანდიელი კოლეგები მზად არ არიან.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა სამშაბათს კოპენჰაგენში განაცხადა, რომ ვაშინგტონში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე „გარკვეული პროგრესი სწორი მიმართულებით“ შეინიშნება.

არქტიკული კუნძულის, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა, ლიდერმა აღნიშნა, რომ დანიურმა და გრენლანდიურმა მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, „გააკეთონ მეტი ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და აიღონ უფრო დიდი პასუხისმგებლობა“.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა პატივისცემაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.