დედამთილმა რძალი მოკლა - 27 წლის კაროლინა გომესი საკუთარ ბინაში იპოვეს

გომესი

სასტიკი მკვლელობა მოხდა მეხიკო სიტის მდიდრულ უბან პოლანკოში. 27 წლის კაროლინა ფლორეს გომესი, რომელიც 2017 წელს „მის თინეიჯერი სამყაროს“ ტიტულის მფლობელი გახდა, თავის ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება Reporte Indigo.

დედაქალაქის პროკურატურამ ფემიციდის საქმე აღძრა. მთავარი ეჭვმიტანილი მსხვერპლის დედამთილი, ერიკა მარიაა. 

ჟურნალისტებმა მოიპოვეს სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჩანაწერში ჩანს, როგორ საუბრობენ კაროლინა და მისი დედამთილი მისაღებ ოთახში, რის შემდეგაც ორივე კადრს ტოვებს. ამის შემდეგ გაისმა სროლის ხმა და კივილი.

მსხვერპლის ქმარი, ალეხანდრო, მაშინვე ოთახში შევარდა ბავშვით ხელში (მათი შვილი მხოლოდ რვა თვის იყო) და იყვირა: „რა ჩაიდინე, დედა?!“

„არაფერი. მან გამაბრაზა... შენ ჩემი ხარ. მან შენი თავი წამართვა“, - განაცხადა ეჭვიანმა დედამთილმა.

მკვლელობა 15 აპრილს მოხდა, მაგრამ ალეხანდრომ პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინა. ამ უცნაურმა დაგვიანებამ გამომძიებლებს შორის დამატებითი კითხვები გააჩინა. ასევე გაირკვა, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული საცხოვრებელი კომპლექსის მეზობლებსა და დაცვის თანამშრომლებს გასროლის ხმა არ გაუგონიათ. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, ტრაგედიის ყველა გარემოების დასადგენად.