"ჩვენი საოპერაციო ოფისი, რუსეთის ტერიტორიაზე, "ეფესბეს" შტაბ-ბინის გვერდით მდებარეობდა.... უკრაინის ეს მოქმედება ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთზე უკრაინამ მასშტაბური იერიში მიიტანა. პირველად, ომის მიმდინარეობის პერიოდში, სამიზნე ციმბირის ტერიტორიაზე განლაგებული ავიაბაზები იყო.

ირკუტსკის, მურმანსკის, რიზანის ოლქებში აეროდრომებზე დაზიანებულია 41 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული გამანადგურებლები, რაც რუსეთის პოტენციალის 34%-ია. უკვე გაირკვა, რომ დრონების ირკუტსკის ოლქში გადატანა სატვირთო ავტომობილებით მოხერხდა.

ამასთანავე, უკრაინული მედიის მონაცემებით, უკრაინა დრონებს რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელით მართავდა. მედია ასევე წერს, რომ ოპერაცია "ობობას" მომზადებას წელიწად-ნახევარზე მეტი დრო დასჭირდა.

მასირებულ შეტევამდე 4 სარკინიგზო შემთხვევაც მოხდა - ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეში, ბრიანსკსა და კურსში მატარებლები რელსებიდან გადავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, დარღვეულია ლოჯისტიკური ჯაჭვი, რითაც რუსეთის არმიის მომარაგება ხდებოდა.

ამ წუთებშიც კი რუსეთის რეგიონებში განგაში და საგანგებო მდგომარეობაა! აფეთქებების ხმა აკვლავ ისმის კურსკის, რიზანის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში.

იერისების შემდეგ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის ეს მოქმედება ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.

"მზადება წელიწად ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა - დაგეგმვა, ორგანიზება, ყველა დეტალი იდეალურად იყო შესრულებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს უნიკალური ოპერაციაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენი საოპერაციო ოფისი, რუსეთს ტერიტორიაზე "ეფესბეს" შტაბ-ბინის გვერდით მდებარეობდა. ჩვენი პერსონალი მუშაობდა რუსეთის რამდენიმე რეგიონში, სამ განსხვავებულ დროის სარტყელში, ადამიანები, ვინც გვეხმარებოდნენ ოპერაციამდე გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან, ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან.

ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ის, რაც წელიწად-ნახევრის წინ დავუკვეთე ხორციელდება და რუსეთს 40-ზე მეტი სტრატეგიული ავიაციის ერთეულს ართმევს. გავაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის მოყოლა არ შეიძლება, თუმცა უკრაინის ეს მოქმედება ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.