ჩინეთის საგარეო უწყება ინდოეთსა და პაკისტანს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთსა და პაკისტანს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ჩინეთის საგარეო უწყებამ სინანული გამოთქვა ინდოეთის სამხედრო მოქმედებების გამო პაკისტანის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ შეშფოთებულია არსებული მოვლენებით.

„ინდოეთი და პაკისტანი მეზობლები არიან, რომელთა ადგილმდებარეობის შეცვლა შეუძლებელია და ორივე ასევე ჩინეთის მეზობელია“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, რვა ადამიანია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში. ამასთან, როგორც ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.