ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიები უნდა გაერთიანდნენ პუტინის შესაჩერებლად

ანდრიუს კუბილიუსი

ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიები უნდა გაერთიანდნენ პუტინის შესაჩერებლად, – ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამუშაო ჯგუფი 12 მაისს პირველად შეიკრიბება თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

უპილოტო აპარატების და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიღწეულ პროგრესზე მითითებით, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროპას შეუძლია, ისწავლოს უკრაინის ინოვაციური ინდუსტრიისგან.

„პუტინის შესაჩერებლად ჩვენ მეტი უნდა ვაწარმოოთ, მეტი ინოვაცია დავნერგოთ და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ ევროკავშირსა და უკრაინაში. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ გამოვაცხადეთ ევროკავშირ-უკრაინის ინსტიტუციათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და მომავალში, როდესაც ევროპას მოუწევს ევროპის კონტინენტის დაცვაზე მთელი პასუხისმგებლობის აღება, უკრაინა ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.