ანდრეი სიბიგა - რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში ერთ მილიონს მიაღწია, მოკლულების და დაჭრილების გათვალისწინებით, თუმცა რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი ინტერვენციის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს

ანდრეი სიბიგა

რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში ერთ მილიონს მიაღწია მოკლულების და დაჭრილების გათვალისწინებით, რუსეთმა კი ვერ მიაღწია თავისი სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს, –  ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.

როგორც სიბიგა აღნიშნავს, მხოლოდ რუსეთი უშლის ხელს სამშვიდობო ძალისხმევას.

„დღეს რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში ერთ მილიონს მიაღწია მოკლულებითა და დაჭრილებით. ერთი მილიონი დანაკარგი არაფრისთვის – რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ვერ მიაღწევს. უკრაინას არ დაუწყია ეს ომი და სურს მისი დასრულება ყველაზე მეტად. ჩვენ მშვიდობის ერთგულები ვართ. მხოლოდ რუსეთი უშლის ხელს სამშვიდობო ძალისხმევას, უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, ლიდერების შეხვედრას და აკეთებს ყველაფერს ომის გასახანგრძლივებლად“, – წერს სიბიგა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

„რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს ამ ბარბაროსულ და უკანონო აგრესიაზე. ყველა რუსი დამნაშავე, ვინც უკრაინაში სისასტიკეები ჩაიდინა, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – წერს სიბიგა.