ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ, რუსეთის თავდასხმის შეკავების ერთადერთი გზა მისთვის ჩვენი მზადყოფნის გაზრდაა - ანდრიუს კუბილიუსი

კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი იზიარებს დასავლური სადაზვერვო სააგენტოების შეფასებას, რომ რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.

კუბილიუსის თქმით, გერმანიის, დანიისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ევროკავშირზე თავდასხმას 2030 წლამდე ან კიდევ უფრო ადრე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეძლებს.

„ამიტომ, თუ უკრაინაში მშვიდობა ან ზავი დამყარდება, რუსეთი გააგრძელებს ისეთი რაოდენობის იარაღის წარმოებას და დაგროვებას, რაც საბოლოოდ მას ახალი აგრესიის დაწყების საშუალებას მისცემს“, – ამბობს კუბილიუსი.

კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიისთვის მზადებას, იქნება ეს უკრაინის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ნატო-ს წინააღმდეგ“.

„ჩვენ ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ. რუსეთის თავდასხმის შეკავების ერთადერთი გზა მისთვის ჩვენი მზადყოფნის გაზრდაა“, – ამბობს კუბილიუსი.