1775124735
რევაზ სოხაძემ სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელმაც დღეს უკვე მიიღო პირველი აღსაზრდელები.
გახსნის ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი როლი ადამიანურ ფაქტორს ენიჭება.
„დღეს სოფელ ვაჩნაძიანში გავხსენით 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საჯარო დაწესებულების შენობა იყოს სტანდარტების შესაბამისი, თუმცა მთავარი მაინც არიან ის ადამიანები - პედაგოგები, რომლებიც ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ამ ბაღში სწორედ ასეთი თბილი და მზრუნველი გარემო შეიქმნება“ - განაცხადა მინისტრმა.
ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. შენობა სრულად განახლდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ბაღში მოწყობილია სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის საჭირო ყველა სივრცე -სასწავლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა მოიცავს სასწავლო და მუსიკის ოთახებს, საძინებლებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო მოედნებს, ასევე რეკრეაციულ სივრცეს.
რეაბილიტირებულ ბაღში სრულად არის გათვალისწინებული ბავშვების უსაფრთხოებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის აუცილებელი ყველა პირობა.
პროექტი სახელმწიფომ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი.










