პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიება, რომელიც მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავად გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მანდატურის სამსახურს, მისი გუნდის თითოეულ წევრს დიდ მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, გულით გაკეთებული საქმისთვისა და დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჩვენი შვილების მიმართ გაქვთ.
როდესაც საუბარია ზოგადი განათლების სისტემაში მასშტაბურ რეფორმებზე მანდატურის სამსახურის როლი გამორჩეულ დატვირთვას იძენს, რაც სკოლაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.
მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. სამინისტრო, ისევე როგორც სრულიად საზოგადოება ძალიან აფასებს იმ საქმეს, რომელსაც ასე ერთგულად უკვე 16 წელია ემსახურებით,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და თანამშრომლებს მიღწეული წარმატება მიულოცა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა.
დაჯილდოება თბილისის საკრებულოში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.