ცვლილებები, რომელიც დაგროვებითი პენსიის კანონში ამოქმედდა

პენსია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ასოციაციის წევრი კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებები დეტალურად განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საპენსიო მოდელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების გადახედვის მიზანშეწონილობა, საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, საპენსიო შენატანების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომელთა თანახმად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მეშვეობით, ასევე წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა-საურავი. 

შეხვედრას, რომელსაც BAG-ის წევრები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.