საკრედიტო სააგენტო S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა

რეიტინგი

საკრედიტო სააგენტო S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა, რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს შედარებით ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო.

მოსალოდნელზე მაღალი არსებული ეკონომიკური ზრდის გამო S&P-მა საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1 პროცენტამდე გაზარდა, რაც წლის დასაწყისში 5.7 პროცენტს შეადგენდა. ასევე, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც და 5.0 პროცენტის ნაცვლად 4.1 პროცენტს შეადგენს 2025 წლისთვის.

სარეიტინგო კომპანია საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს რეგიონულ კონტექსტში საკმაოდ გონივრულად და წინდახედულად აფასებს, რაც სტრუქტურული რეფორმების დამსახურებაა და იწვევს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. S&P აღნიშნავს, რომ შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდა და გონივრულად განხორციელებული ფისკალური პოლიტიკის მართვა ხელს უწყობს მთავრობის ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნებას. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია ბოლო პერიოდში უცხოური რეზერვების ზრდა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით მოხდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსალოდნელია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა.

S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია ძლიერი ლიკვიდურობა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა გაუმჯობესებულია, რაც ბოლო წლების მანძილზე პირველად განხორციელდა და აღნიშნავს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალ მაჩვენებელს, აღნიშნული კი თავის მხრივ, სააგენტოს მეთოდოლოგიით, რეიტინგის ნოჩის მატებას (BB+მდე) გულისხმობს, თუმცა ამავდროულად, გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით გამოყენებული იქნა შემასწორებელი ნოჩი, რის შედეგადაც რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დარჩა, სტაბილური პერსპექტივით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.