„ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო... გასაგებიც არის“ - ატმის შეღებვის კადრების ავტორი პირველ კომენტარს აკეთებს

შეღებილი ატამი

ატმის შეღებვის ვიდეოკადრების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.

კადრების ავტორი ირწმუნება, რომ ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილი არასოდეს გაუყიდია. მასალა "ტიკ ტოკზე" ფერმერმა თავად ატვირთა, ის ვიდეოში მწიფე იერის მისაცემად ატამს საღებავს ასხამს.

ვიდეო კადრებში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ უკვე გამოკითხა. ისინი ამბობენ, რომ ხილის რეალიზება მოსახლეობაში არ მომხდარა და კადრები მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღეს.

სოფელ ჩუმლაყში სახლის ტერიტორია, სადაც ხილს ასაწყობებდნენ, უკვე დალუქულია.

„დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ“, - აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.

კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა.

„მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, აიღო ნიმუში, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ“, - აცხადებს გიორგი მესხიშვილი.