დაღუპულია 17 და 23 წლის ახალგაზრდები... - რა ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის პოლიცია მოგებული ჩემპიონატის შემდეგ

პარიზი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, მთელი საფრანგეთის მასშტაბით გამართულ ზეიმზე 2 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ დაქსში, გულმკერდის არეში დაჭრის შედეგად 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, პარიზის ცენტრში, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც სკუტერს ატარებდა და ავტომობილი შეეჯახა.

ზეიმის ფარგლებში, გულშემატკივრებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, დაწვეს მანქანები, ჰაერში გაუშვეს სასიგნალო რაკეტები და პიროტექნიკა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 192 ადამიანი, დაკავებულია 559 ადამიანი, მათ შორის, 491 პარიზში. მათვე ინფორმაციით, დაშავდა 22 პოლიციელი და შვიდი მეხანძრე. დამწვარია 264 მანქანა.