შეხვედრა

1793170915

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862. 

ტენდერი

1793000890

დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას  იწყებს დუშეთის  მუნიციპალიტეტის ორ სოფელში -  ქვეშეთსა და საკრამულაში.შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.პროექტების ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება  ქვეშეთისა და საკრამულის  სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის  უსაფრთხო და  კეთილმოწყობილი  საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.

ბანერი

1791440380

კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა

კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

სონღულაშვილი

1791194642

დავით სონღულაშვილი რთველის მიმდინარეობას საკოორდინაციო შტაბში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას, ყურძნის ჩაბარების და მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.„ადგილზე გავეცანით რთველის მიმდინარეობას. ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდშია. გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 168 500 ტონა ყურძენი, საიდანაც 166 865 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენია, რაც გადამუშავებული მოსავლის 99%-ს შეადგენს. გადამუშავებული ყურძნიდან 86,7 ათასი ტონა საფერავია, 70 ათას ტონამდე - რქაწითელი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1 კგ ყურძნის ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში - 50 თეთრს.რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია, 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის - 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე - 1501 და 032 2 19 37 18.

Barta

1790842221

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

 „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო.BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. კონკურსს წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების მიღება 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად BARTA-ს კონკურსი წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას. ხოლო, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული კომპანიების ჩათვლით,  თვით წარდგენა დასჭირდებათ.2027 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 8 საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. BARTA კომპანიების ანგარიშებს ოთხ ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები. წელს პირველად, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიები გაიყო, რის შედეგადაც თითოეულში ცალკე გამარჯვებული გამოვლინდება. დამატებით, კონკურსში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება.წელს პირველად BARTA აწესებს ახალ ნომინაციას - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“, რომელიც  გამოავლენს საუკეთესო მმართველობის კუთხით კომპანიას, რომელიც ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.ასევე, BARTA აწესებს სპეციალურ ნომინაციას - „ჟიურის რჩეული“, რომლის შერჩევა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება და წევრებს მისცემს მოქნილობას აღიაროს კომპანია, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი მიღწევები, ინოვაცია, არსებითი პროგრესი ან გამჭვირვალობისადმი ერთგულება.BARTA ასევე გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიასაც. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს BARTA-ს კონკურსში პირველად მონაწილე კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

 ჯორჯია მელონი

1789719182

ვლადიმერ პუტინი პროვოკაციების მეშვეობით ცდილობს, ბრძოლის ველზე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობიდან ყურადღება გადაიტანოს, ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ - ჯორჯია მელონი

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პროვოკაციების მეშვეობით ცდილობს, ბრძოლის ველზე არსებული არახელსაყრელი მდგომარეობიდან ყურადღება გადაიტანოს, ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა.მისი თქმით, პუტინი ევროპასთან ვითარების ესკალაციასა და ევროპელი მოკავშირეების პროვოცირებას ცდილობს, რადგან ვითარება ბრძოლის ველზე ისე არ ვითარდება, როგორც ის პროგნოზირებდა.„ვფიქრობ, ყველა შეამჩნევდა რუსული პროვოკაციების გახშირებას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რატომ? მოსკოვის მხრიდან პროვოკაციები მრავლდება, რადგან პუტინს ყურადღების გადატანა სჭირდება. ის ცდილობს, ევროპასთან ესკალაცია გამოიწვიოს და ამ გზით ყურადღება გადაიტანოს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობიდან, რომელიც მისი დაპირებების საწინააღმდეგოდ ვითარდება. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ვისთვის არის ესკალაცია ხელსაყრელი და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ამის გაკეთება რუსეთს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ევროპას“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ნინო ლაცაბიძე

1789631220

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ

რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“,  სპორტული ქალაქის პროექტზე უკვე მუშაობს.არქიტექტურულ კომპანიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, რუსთავში სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის მთავარი კონცეფცია არის - სპორტი ყველასთვის. მალე დავიწყებთ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასაც და ვემზადებით ბავშვთა რაგბის აკადემიის გასახსნელად.ჩვენი რუსთავი, რომელმაც ქვეყანას უამრავი საამაყო სპორტსმენი გაუზარდა, უნდა გარდავქმნათ ქალაქად, სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრების სტილი იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.სპორტული ქალაქი რუსთავში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭალის ტყის მიმდებარედ იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მე-20 საუკუნეში საბავშვო რკინიგზა ფუნქციონირებდა.პროექტით გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები და სარეკრეაციო ზონები. აშენდება 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, დახურული სავარჯიშო დარბაზები. მოეწყობა ფეხბურთის, ჩოგბურთის, პადელის და ტანვარჯიშის სივრცეები, ღია სპორტული მოედნები. დაგეგმილია 6-ზოლიანი სარბენი და უწყვეტი ველობილიკების მოწყობაც.სპორტული ქალაქის პარალელურად, რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება და  მალე ბავშვთა რაგბის აკადემიაც გაიხსნება.

ვაზიანი-თოხლიაური

1786434359

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია.

ეკონომიკა

1785491383

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით, მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ. მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს "ფინანსური პირამიდის" კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.ყველა მსგავსი  სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილეყ. უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი.მოვუწოდებთ მოსახლეობას, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სიგელის გადაცემა

1784803344

საქართველოს ელჩმა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.შეგახსენებთ, ალექსანდრე კარტოზია აღნიშნულ პოსტზე 10 თვის წინ დაინიშნა.

ლენტეხი

1784528456

აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.ძლიერი ნალექისა და მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, რის გამოც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სამსახურები და მათთან კოორდინაციით, მიმდინარეობს დამატებითი სპეციალური ტექნიკის მობილიზება.მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ მოქმედი შეზღუდვები, დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და უფლებამოსილი უწყებების წარმომადგენელთა მითითებებს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

1780906553

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.სამუშაოების მიმდინარეობისას, აპრილის შუა რიცხვებში, გზაზე ზვავები და ჩამონაშალები ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სპეციალური ტექნიკა. სტიქიური პროცესების გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეიზღუდა და გზის გახსნის სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.ვითარების გათვალისწინებით, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებითი ტექნიკის მობილიზებით გზის უკვე გაწმენდილი მონაკვეთების ხელმეორედ წმენდა დაიწყო. სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის დამატებითი ტექნიკა ზვავსაშიშ მონაკვეთებზეა მობილიზებული.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ზვავსაშიშ უბანზე თოვლის მასის სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღემატება.ამჟამად სამუშაოები გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ მიმდინარეობს ექსკავატორებით, დამტვირთველებითა და ბულდოზერებით. რელიეფისა და გზის განსაკუთრებული სირთულის გამო, სხვა ტიპის მძიმე სპეციალური ტექნიკის გამოყენება აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია.ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზამთრის პერიოდში გადაადგილება რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო აკრძალულია. წლის დანარჩენ პერიოდში კი გზით სარგებლობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული.ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გამორჩეულ მაღალმთიან საავტომობილო გზად მიიჩნევა.

✕