რატომ არ უნდა ისრისოთ თვალები არასოდეს - ექიმების გაფრთხილება

რატომ არ უნდა ისრისოთ თვალები არასოდეს

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ თვალების სრესა, მიუხედავად მისი ერთი შეხედვით უვნებელი ხასიათისა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს და მხედველობასაც კი შეუქმნას საფრთხე.

თვალის ექიმების განმარტებით, თვალების ქავილისა და გაღიზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალერგიული კონიუქტივიტია, რომელიც მსგავსი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. ქავილის გამოწვევა ასევე შეუძლია მშრალი თვალის სინდრომს, ბლეფარიტს, დერმატიტსა და სხვა ანთებით პროცესებს.

სპეციალისტების თქმით, თვალების ხშირი და ძლიერი სრესა რქოვანას დაზიანების რისკს ზრდის. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება კერატოკონუსია — დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და ფორმას იცვლის, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს.

გარდა ამისა, თვალების სრესამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ნაკაწრი (აბრაზია), სუბკონიუნქტივალური სისხლდენა და ინფექციების გავრცელება. განსაკუთრებით საშიშია თვალებთან შეხება დაუბანელი ხელებით, რადგან ეს ზრდის კონიუქტივიტის, ე.წ. „ვარდისფერი თვალის“, განვითარების რისკს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ქავილის შემთხვევაში პრობლემის მიზეზის დადგენა და მკურნალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვალების სრესა. სიმპტომების შესამსუბუქებლად ხშირად ეფექტიანია ხელოვნური ცრემლები, ცივი კომპრესები და ალერგიის საწინააღმდეგო თვალის წვეთები.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, თვალების ქავილის, სიწითლის ან სხვა სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში ოფთალმოლოგს მიმართონ და თვითმკურნალობას მოერიდონ.

მასალა მომზადებულია The Conversation-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.