„ჟურნალისტი გოგოა, მე ვერ დავარიგებ, რა ილაპარაკოს. თუ ვინმეს პირადად უნდა შეხვედრა, მოვიდეს, არაფერს დავაკლებ“ - ნახეთ, კიდე რაში გამოგვიტყდა რამაზ ნოზაძე

nozadze

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე 12 წელია ერთად არიან. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ თავის მოსაფხანადაც არ სცალიათ. 

არადა, იყო დრო, სპორტსმენი და ჟურნალისტი, დაინტერესებულ საზოგადოებას, არ აწყენდა და სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოსესიით ანებივრებდა.

როგორც რამაზი გამოგვიტყდა, ხატია მისაბაძი დედაა, თუმცა ეს მისთვის აღმოჩენაა.  

 რამაზ ნოზაძე: ხატია უმაგრესი დედაა. იცით, რა მომწონს? ხანდახან თავისუფლებასაც აძლევს ბავშვებს, დამოუკიდებლებიც რომ იყვნენ. უშვებს მაღაზიაში, ალაგებინებს საკუთარ ტანსაცმელებს. 

უფროსი 11 წლის გაბრიელაა, შემდეგ მოდიან 10 წლის ოლი, 5 წლის ევა და 2 წლის მიქაელი-გიორგი.

გაბრიელა კარგად სწავლობს, კარგად ცეკვავს. სპორტული აღნაგობის გოგოა. ბლინებს მიმზადებს საუზმეზე, გემრიელი გამოსდის. საღამოსაც მხვდება და ყოველთვის ვჭამ.

ოლი კალათბურთზე დადის, მოსწონს. ღმერთს ვთხოვ, რომ გაჰყვეს სპორტს. ყველას ვაძლევ სპორტული ცხოვრების საშუალებას. გაბრიელა ტანვარჯიშზე იყო, მაგრამ აღარ მოინდომა გაგრძელება... ოლი სუფთა სპორტსმენია. ბიჭი რომ იყოს, ჩათვალეთ, ზუსტად ჩემნაირი აღნაგობა აქვს. სიარულის მანერაც ჩემნაირი აქვს. მავარჯიშეო, მთხოვს. არ ეზარება. ვცდილობ, შესაბამისი საკვები არ მოვაკლო, რომ სპორტში გაქაჩოს. ხომ იცით, ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება.

ევა ცეცხლივით არის. ჯერჯერობით, მხოლოდ ცურვაზე დადის. თუ შემდეგ რაიმეს მიმართ პროფესიულ ინტერესს გამოიჩენს, არ დავუშლი. თვითონ აირჩიოს. 

მე ყველაფერზე ვესაუბრები ბავშვებს, ვუხსნი მათთვის გასაგებ ენაზე. მინდა მათი მეგობარი ვიყო. უყვართ ჩემთან დროის გატარება. რომ ვაგვიანებ, მირეკავენ, მალე მოდი სახლშიო. 

ხატია ძალიან დატვირთულია. არაფერი ეზარება, ყველგან დაჰყავს ბავშვები წრეებზე, სკოლებში... ვეხუმრები ჩვენთვის დრო არ გვრჩება-მეთქი. ადრე ფეხს რომ დავკრავდით, უცებ ქვეყნის მეორე მხარეს გავჩნდებოდით, ახლა დაგეგმვის გარეშე, ვერაფრით ვახერხებთ წასვლას. თუ წავალთ ბევრჯერ უნდა დარეკოს, გაიგოს ბავშვების ამბავი, როგორ არიან. ვერ ისვენებს.

მართლა ძალიან შეცვლილია, ნამდვილ დედად ჩამოყალიბდა. არ მეგონა, რომ ხატია ასეთი დედა იქნებოდა. ყველამ იცის, რა აქტიური ჟურნალისტი იყო. შესაძლებელი იყო უყურადღებო ყოფილიყო შვილების მიმართ. თუმცა, რანაირიც არ უნდა ყოფილიყო, მე ის მიყვარს და მასთან ერთად ცხოვრება მინდოდა. რომ ვუყურებ, როგორი შეცვლილია და რა კარგი დედაა, ძალიან კმაყოფილი ვარ.

სულ მინდოდა ბევრი შვილი. ჩვენც ოთხნი ვართ. მე ნაბოლარა ვარ, მყავს უფროსი და და ძმები. 

- რამაზ, შენზე არ მოქმედებს ხატიას გარშემო პერიოდულად ატეხილი ხმაური და მისი ბულინგი?

- ხანდახან რაღაცას ვეტყვი, მაგრამ ჩემი საქმე არ არის. ჟურნალისტი გოგოა, მე ვერ დავარიგებ, რა უნდა ილაპარაკოს. პირიქით, შეიძლება აქეთ მომცეს რჩევა, ტელევიზიით, რა როგორ ვთქვა. 

ადრე ნერვები ეშლებოდა. მე ვურჩიე, არ წაიკითხო-მეთქი. თუ მათ დონემდე დახვალ, არ ყოფილხარ მაგარი ჟურნალისტი-მეთქი, ვუთხარი. ყველას რომ გავეკიდოთ, სადამდე წავალთ. თუ ვინმეს პირადად უნდა შეხვედრა, მოვიდეს, არაფერსაც არ დავაკლებ (იცინის).