ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532427

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? შემდეგი - ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი

ომი უკრაინაში 1713512946

პირველად გავანადგურეთ რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი. საუბარია ბომბდამშენზე, რომელიც რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში ჩამოაგდეს."პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - ამბობს ოლეშჩუკი.მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. უწყების თქმით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

ომი უკრაინაში 1713508978

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

რუსული მხარის მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ ურკაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით წერს.ქალაქ დნეპრში დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი, მათ შორის არის არასრულწლოვანიც.„საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დნეპერში დაზიანდა ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი“, – წერს ლისაკი სოციალურ ქსელში.ამასთან, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რაიონზეც. დაზიანებულია კერძო სახლები.

შეხვედრა

პოლიტიკა 1713460517

ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტი

მსოფლიო 1713459874

ზელენსკიზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველებმა, პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლებთან და შესთავაზა მათ რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა.უკრაინული მხარის ცნობით, მას ევალებოდა პოლონეთში მდებარე ჟეშუვ-იასეონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსული მხარისთვის მიწოდება. ეს უნდა დახმარებოდა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში პოლონეთში ვიზიტის დროს.როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობეს და საქმის მტკიცებულებები გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა 1713459832

ნიკოლოზ სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა - კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს წარადგინონ შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან

 „კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან გამართულ გუშინდელ ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა“ - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძე დეტალურად აღწერს, თუ რას გულისხმობს და რას მოიცავს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისი თქმით, „კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს. ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს.“მისივე განცხადებით, „ევროდირექტივა ზუსტად იგივე ფორმულირებას იყენებს, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა. მაგალითად მოგიყვანთ ზუსტ ამონარიდს ევროდირექტივიდან: „ეს არის უცხოური წყაროების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა“. სამხარაძემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, საქართველოში 1 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე მოდის, ხოლო ამ ორგანიზაციების 90% დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს. მისივე განცხადებით, „არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“. „გესაუბრებით საქართველოს პარლამენტის შენობიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აქედან დაახლოებით 30 კილომეტრში დგანან რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელთაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. შესაბამისად, ეს ქვეყანა ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. უფრო მეტიც, ჩვენ ვართ უკიდურესად ტურბულენტური და მოწყვლადი რეგიონის ნაწილი, სადაც ომია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის მიღმა - ვგულისხმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაძაბულობა სამხრეთ საზღვრის მიღმა - ჩვენს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ომის მსგავსი ვითარება ჩვენი რეგიონის სიახლოვეს - ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში არსებობს 25,000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის 1 არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“.-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან.

გერმანია

მსოფლიო 1713458633

გერმანიაში დააკავეს ორი ადგილობრივი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, დივერსიების მომზადება და უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდების ჩაშლის მცდელობა ედებათ ბრალად

გერმანიის ქალაქ ბაიროიტში პოლიციამ დააკავა ორი ადგილობრივი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და დივერსიების მომზადება ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი და ბავარიის რეგიონის გენპროკურატურა ავრცელებს.დაკავებულები არიან 39 წლის დიტერ ს. და 37 წლის ალექსანდერ ი. ორივე დაკავებულს გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გამოძიების ცნობით, ორივე დაკავებული უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, ამასთანავე, დიტერ ს.-ს ბრალად ედება აფეთქებების ორგანიზება, სადაზვერვო აგენტურული საქმიანობა და სამხედრო ობიექტების ფოტო-ვიდეო გადაღება.Der Spiegel-ის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ დიტერ ს.-ია, ხოლო საქმის მეორე ფიგურანტი მას 2024 წლის მარტიდან ეხმარებოდა.გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-ს კონტაქტი ჰქონდა რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულ ადამიანთან და 2023 წლის ოქტომბრიდან გადასცემდა მას ინფორმაციას გერმანიაში შესაძლო დივერსიული აქციების შესახებ. კერძოდ, გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-მ განუცხადა თანამოსაუბრეს, რომ მზად არის ცეცხლი წაუკიდოს და ააფეთქოს სამხედრო ობიექტები და სამრეწველო საწარმოები.გარდა ამისა, გამოძიება მიიჩნევს, რომ 2014-2016 წლებში დიტერ ს. უკრაინაში, დონბასელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, რაც გერმანული კანონმდებლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ნიშნავს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1713455378

"საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი, სვიმონ ჯანგულაშვილი - ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ

 „ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი. იმიტომ, რომ თუკი კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, იმ 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა“ - ამის შესახებ "საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევას და დარბევის დროს განვითარებული მოვლენებს იხსენებს.ჯანგულაშვილი იმ ხელოვანების ნაწილზე საუბრობს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ჯილდოები მიიღეს და რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის ყოფნას აპროტესტებენ. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი ხელოვანების მხრიდან, ჯანგულაშვილს სჯერა, რომ კოლეგებმა, ვინც მაშინ იქ იყვნენ, არ იცოდნენ, რომ იმ ღამით ადამიანები დაიღუპნენ.„მე მაინც მგონია რომ ჩემი კოლეგები, ვინც მაშინ იქ იყვნენ, მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ იქ ადამიანები დაიღუპნენ. არ მჯერა, რომ ისინი ამას შეძლებდნენ და ამიტომ, ვინც იქ მივიდა მაშინ და ჯილდო მიიღო, ან იცეკვა, ან იმღერა, მათ ამის გამო ბოლომდე ვერ გავაკრიტიკებდი იმიტომ, რომ პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ მაშინაც. მაგრამ დღეს, როდესაც ამდენი წელი გავიდა და ამდენი რამ გავიგეთ იმ ძალაზე და როდესაც ზუსტად ვიცით, რომ რაც არ უნდა ეს ხელისუფლება არ მოგწონდეს და ეჭვები გქონდეს, იქ არათუ ეჭვები, დამტკიცებულია, რომ მოხდა დანაშაული და ამის გამო ზოგმა მოიხადა სასჯელი და ზოგმა არ მოიხადა. ჩემი აზრით, ძალიან ლმობიერი იყო ეს სასჯელი, ვინც მოიხადა. ამის მერე, ამ ძალის მხარდაჭერას ახსნა არ აქვს. მე ზოგიერთი ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და პირდაპირ მაინც ვერ ვიტყვი იმ მძაფრ აზრს, რაც მებადება გულში, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ძალიან მწარედ ცდებიან.“-აღნიშნა ჯანგულაშვილმა.ჯანგულაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, ახლა რომ მიტინგები იმართება, მთელი ერია გამოსული, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი, ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია.„შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, გუშინ რომ მიტინგი იყო, ახლა რომ მიტინგები იმართება, ეს მთელი ერია გამოსული და ამით იმართლებენ ამ შეცდომას, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი. ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია და ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, ხალხის მწამებლების და 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ. მაშინ მთელი საქართველო შეცდა, უმრავლესობამ ხმა მისცა ამ ძალას და ყველას უნდოდა ცვლილებები. ვინც მაშინ ცდებოდა კიდევ აქვს ამას ახსნა. დღეს, როგორც მაშინ, რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილის თაობას, შევარდნაძის და მხედრიონის მობრუნება არავის უნდოდა. ზუსტად ასეა, დღეს ქართველთა უმრავლესობას არ სურს ამ სისხლისმსმელების მობრუნება. ის ახალგაზრდობა, რომელიც პროპაგანდით არის მოტყუებული, ან რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს და ამას აპროტესტებს, არავის გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება, რომ ომი არ დაიწყონ, არ დაგვბომბონ და არ გადაგვიარონ, მაგრამ არავის გვინდა, რომ ვიყოთ რუსეთის მონები. მაგრამ ის ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზეა, არ არის მთელი საქართველო. ეს არის შეიძლება ყველაზე აქტიური, შეიძლება ყველაზე გულწრფელიც, მაგრამ ეს არის ერთი მცირე ნაწილი და ეს კარგად უნდა ახსოვდეთ იმ მომღერლებს, იმ მოცეკვავეებს, პოეტებს, მწერლებს და ვაი მწერლებს, სხვათა შორის, ლაშა ბუღაძეს ვგულისხმობ, და იმ მთელ წერს, როდესაც ასე ქედმაღლურად გველაპარაკებიან“-განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

აკა მორჩილაძე

საზოგადოება 1713442620

საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება - აკა მორჩილაძის წერილი

აკა მორჩილაძე წერილს ავრცელებს: „დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა. ყველაფერი ყოფილა ამ სამის გარდა, მაგრამ ეს სამი, – არასდროს. არც ერთად, არც ცალ-ცალკე. ამასთან დავა, სრული ტყუილია ნებისმიერი მხრიდან. ვშიშობ, ასეთსავე ქვეყანაში მოვკვდები, თუ კიდევ არ ავიკრიფე, მარა ასაკში ძნელია აკრეფა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერ გაიგებ.ესესერი რო დაიშალა, ყველას გვიხაროდა. ეგ იყო ბედნიერი დღეები. მარა მერე გაირკვა, რომ საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება. ახალი ფიცარი კი არ მოგვაქვს. არაფრით. საშიშია – ვაითუ მკვიდრი კედელი გამოგვივიდეს და გამოთბეს შიგ ეს ჩვენი ხალხი, კარგი ხემსი ნახოს, გულმა კარგი რამეები აუციმციმოს და სულ გასაჭირის და სამასი ლარის ძახილი არ იყოს.არ გამოდის ესა, მერამდენე ათწლეულია. ჩვენს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია ოცდაათი, თუ რამდენი წელიწადიც არის, რომ ხალხს უთხრას: აიღე ეს თავისუფლება და მე ისეთ კანონებს მოგცემ, მეც დიდად არ მეშინოდეს, რო მომივარდები და შენაც ბავშვს რამეს უყიდი, ეს ახალგაზრდები წავლენ, ქვეყანას ნახავენ, ჯალათებად ნუ დაბრუნდებიან, რაღაცა რვეულები ქონდეთ უბეში – უხაროდეთ საქმის წამოწყება და ასე. თორე, რა: მთელი აფრიკის დიქტატორებს სორბონა-ოქსფორდებში უსწავლიათ და მერე შინ კი გიჟდებოდნენ. ეგ იმას გავს, არჩევნების კანონი დემოკრატიულიაო, რო დავიწყებთ, მერამდენე ათწლეულია ეგეც – არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოა მთავარი, ბუტკა, კნოპკა და წითელი პასტა რას უშველის.როგორც არი.ეგეც ხო ყველამ იცის რამდენი ხანია.არ გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესესერის მემკვიდრეობით გაჯერებული ქვეყანა: სულსა და ხორცში გვაქვს, ძალის, ძალმომრეობის, დაშინების, დაწოლის, ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის სურვილები და არცერთი ქართული მმართველობა ამის საბოლოო მოსპობაზე არ წავიდა. ესეც ნამდვილია. ახლა რუსეთიო. ეგ ხო ცხადია, რუსეთი რაც არის. ახლა მთლად გამხეცებულია და იმის ვერაგი ზურგის ტვინი ხომ ესესერია. ეს რუსეთი რასაც მართებს მსოფლიოს და ჩვენც, კი ვხედავთ: მაგათი მათრახის ტყლაშუნში გვაქვს გატარებული ორასი წელიწადი.რაც უბედურებაა, ისაა, რომ ჩვენ კვლავაც ვართ 58-ე მუხლის ქვეყანა.შენ კი გწერ ამ წერილს, მაგრამ უფრო ახალგაზრდებს ვგულისხმობ; აბა ჩემნაირ გადაცვეთილ და ამ გაუთავებელი ესესერით ჩუმად გაწვალებულ მოფრთხილეს რად უნდა. ჩვენ რამენაირად მივალთ რაღაც წერტილამდე, ამ ახალგაზრდებს კი, კარგ წერტილამდე უნდათ მისვლა. მანდ მისვლა კი ძალიან დიდი ბრძოლაა: უამრავის უარყოფა, თავზე ხელის აღება, ხერხების ცოდნა და მერე კი, თან პატიოსანი უნდა დარჩე.ძნელია. ერთეულების იყო ყოველთვის და ახლა თუ შეიცვლება, მაგას რა ჯობია და გარშემო ეს 58-ე მუხლი.ეგ რომელი მუხლია გეცოდინება: სტალინიზმის სიმბოლოაო და 1961 წელს გააუქმეს. უსქელესი, თოთხმეტქვეპუქნტიანი მუხლია, რომელიც დასაწყისში სამშობლოს ღალატს გულისხმობს და მერე მოყვება ჯაშუშობა, კონტრრევულცია და მოკლედ, ყველაფერი, რითაც პატიოსან ხალხს ასამართლებდნენ. თანდათან იზრდებოდა და ლამის ყველაფერს მოიცავდა.წინა კვირას, ეს ამბავი რო იწყებოდა, ძველმა კოლეგამ მომწერა, ერთი წინადადება თქვი, მალე აგენტებს დააწერენ ჩვენს წიგნებსო. დააწერენ, მაშ. მასეთი კანონების ქვეყანა ვართ, მარა მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე თუ იყვნენ აგენტები და დახოცეს, წიგნზე წარწერა ორდენი თუ არა, ერთი პატარა მედალი კი გამოდის. ეგება იამაყო კიდეც, მეც გამაფუჭესო. გაფუჭებაც რა, ძველად მოკვლას ერქვა. მერე ციხის კულტურამ რომ იმძლავრა – კაცის გაუპატიურებასაც, ახლა აღარ ვიცი.სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როგორც ადამიანს,რომელიც ამაში გაიზარდა, არ ვიცი. უიმედობა ცუდია. მასებისთვის არასაჭირო. ბოდიში, მარა კაი ხანია, არ მჯერა, რომ იქედან, სადაც ძალაუფლებაა, რაიმე კარგს ველოდე. იმ ხრუშჩოვმა კი გააუქმა ის 58-ე მუხლი, მაგრამ არსი იგივე დარჩა – ჩვენ მაგ არსში ვცხოვრობთ. აი, ამ წამამდე და ყველაფერიც ვიცით, რა საშინელებაც ეგ რუსეთია, რა ჯანდაბაც ეგ კანონი და რაც ჩვენავე ვართ. მოკლედ, როგორც იოანე ბატონიშვილი იტყოდა ამ ორასი წლის წინათ, ქართლში სამართალი არცა ქმნულა და არც იქმნებისო. მეფის შვილი იყო, ვინმე უკუმთქმელი კი არა.ახალგაზრდებისთვისაა ოცნება, თორე ვინ ოხერი. ბრძოლაც მათთვისაა. ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა.შარშან რო მომწერე ამ კანონზე, ტელევიზორში ვუყურებდი და დღიურს ვწერდი. კი არ მიფიქრია გამოქვეყნება და ახლა აღარც ვიცი სად არის. მგონი, მარტი იყო და სანამ უარით გიპასუხე, კი ვნახე ტელვიზორში, დაჭერილიაო. რაღა უნდა მეპასუხა, დაჭერილზე უარი რაღაა და დარჩა ამბავი ეგრე უხერხულად.მგონი, შარშანაც ამას მოგწერდი.ეს წერილი, თუ გამოგადგება რამეში, გამოაქვეყნე, თუ არ გამოგადგება და კი დაიტოვე, ან წაშალე. მოკლედ, როგორც მოგინდეს.ოღონდ, თუ გამოაქვეყნებ, მაინც გთხოვდი, რომ შენდამი წერილს ფორმა ჰქონდეს, ანუ ზუსტად ასეთი იყოს, თორემ სტატიას და რაღაც ასეთს ვერ ვახერხებ და მგონი, არც არავის უნდა, თან ახლოსაც არ ვარ მანდედან და ინტერნეტიც ვერაა, რო უნდა იყოს, ისეთი...“, - წერს აკა მორჩილაძე. 

მატეუშ მორავიეცკი

მსოფლიო 1713437322

რუსები ძალიან აქტიური არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში - მატეუშ მორავიეცკი

რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც, რადგან რუსები პროპაგანდის ოსტატები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ეურაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა.„რუსები ძალიან აქტიურები არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.მისი თქმით, რუსული პროპაგანდისგან დაცული არც მისი პარტია და პოლიტიკური ჯგუფია.„დარწმუნებული ვარ, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკურ ოჯახშიც არის შეღწევის მცდელობები და არ ვიქნები გაოცებული, თუ გავიგებ, რომ მისი რომელიმე წევრი რუსეთთან თანამშრომლობს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, ჩეხეთის მთავრობა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ პიოტრ ბისტრონმა, რომელიც ივნისის არჩევნებში ევროპარლამენტში სავარაუდოდ დაიკავებს ადგილს გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-ს ხაზით, 25 000 ევრო მიიღო რუსული პროპაგანდისტული ქსელიდან.„ის, რასაც ბრიუსელში სათანადოდ ვერ აფასებენ, არის რუსეთის დაზვერვის და პროპაგანდის სიძლიერე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713436119

რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეჩერებას და ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება - სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ, არჩევნების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველო უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე.„საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართულმა საზოგადოებამ ცხადად აჩვენა ქუჩაში გამოსვლით, ეს რუსული კანონია. ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის უკან მიიღეს რუსეთში და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად. შარშან ეს კანონპროექტი წარადგინეს, მალევე უკან წაიღეს, შემდეგ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოსახლეობის დემონსტრაციების შედეგად. ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასე რომ, ახლა რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ისევ დაიწყო განხორციელება და ცდილობს ამ გზის შეჩერებას. დღეს ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება. მე შემიძლია ვეტო დავადო ამ კანონს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ ამ ვეტოს დაძლევა. ასე რომ, ახლა მთავარი საკითხია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოზიდვა, რადგან ეს ასევე გამიზნულია პარტნიორებზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლებიც არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ ჩვენ გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ეს სინამდვილეში გეოპოლიტიკური ომია, რბილი ომი, არა სამხედრო მოქმედება, რასაც ვხედავთ უკრაინაში, სხვა ტიპის ქმედება, რაც ასევე იცის რუსეთმა, როგორ გაატაროს რბილი ძალა.ეს არის რუსული რბილი ძალა, რაზეც ვსაუბრობ. რუსეთი ამ ქვეყანაში იყენებს სულ უფრო მეტ პროპაგანდას. ქვეყანაში არის უამრავი რუსი მიგრანტი, რომლებიც ფაქტობრივად ვერ კონტროლდებიან. რუსეთი იცნობს ამ ქვეყანას, რომელზეც ახორციელებდა იმპერიულ კონტროლს ბევრი წლის და საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უკრაინის მსგავს სიტუაციაში ვართ, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს საქართველოზე გავლენა. ის ასევე ხედავს, რომ სომხეთი უერთდება კავკასიური ქვეყნების კლუბს, რომლებსაც სურთ ევროპისკენ სვლა. ეს რუსეთისთვის გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ბრძოლაა. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ და ახლოს ვართ მოლაპარაკების დაწყების პროცესთან, რაც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ძალიან ახლო კავშირები გვაქვს ევროკავშირთან და ყველა ქართველი თავს გრძნობს ევროპელად. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს ევროკაშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება. ეს არასდროს შეცვლილა ომის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად.ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება არასდროს შეიცვლება და ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ჩვენ ოქტომბრის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, წელს გადავალთ მოლაპარაკების დაწყების ეტაპზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი, რადგან რომელი პარტიაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მმართელობაში, აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიას. ცხადია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები საქართელოს მთავრობას, რომელიც ცხადად პრორუსულია, არასდროს მივცემთ უფლებას, გააგრძელოს მართვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის მთავარ, არსებით არჩევანს, რომელიც საქართველომ საუკუნეების წინ გააკეთა და ეს არ შეიცვლება. მე ვფიქრობ, ისინი საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავს სიტუაციაში არიან, ჰყავთ შვილები, რომლებსაც სურთ სასწავლებლად წასვლა ევროპაში ან ამერიკაში. სამიდან ერთ ოჯახს ჰყავს ნათესავები აქვთ კონტაქტები ევროპაში ან აშშ-ში. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე არის ევროპაში დიდწილად. მე არ მჯერა, რომ ვნახავთ ძალადობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობა მშვიდობიანია. რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს არის მშვიდობიანი აქციები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც მღერიან და ცეკვავენ. დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ეს გახდება სტრატეგია მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება ჩამოგდება ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ. არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  ხალხის ძალა

პოლიტიკა 1713434160

შეგახსენებთ ჩვენს საფუძვლიან მოლოდინსაც - საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა მესამედაც სცადონ - ხალხის ძალა

საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებას ცდილობენ.შარშან საბაბად სიტყვა აგენტს მაინც იშველიებდნენ, ახლა კი სათქმელი საერთოდ აღარაფერი აქვთ. ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, ამ ფულს რაში ხარჯავ. დანარჩენში საზოგადოება თვითონ გაერკვევა: ფული ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება თუ საზიანოდ, უცხოური გავლენა კეთილ მიზნებს ემსახურება თუ ქვეყანაში მანკიერების დამკვიდრებას ცდილობს.არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამერიკას 30 წლის მანძილზე საქართველოში 6 მილიარდი აქვს დახარჯული. ამაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად კელი დეგნანს უყვარდა, ახლა კი მისი მესიჯი მოქმედმა ელჩმაც გაიმეორა. თუმცა, არაერთგზის დასმული შეკითხვის მიუხედავად, დღემდე ცოცხალი თავით არ გვეუბნებიან, რაში დახარჯეს ეს ფული.ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ არცერთი სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სხვა სახელმწიფოების დახმარებისთვის არ იქმნება. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში. ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი ფინანსებს გაშიფრავენ, ქართული საზოგადოება ზუსტად გაიგებს, სინამდვილეში, რა მოხმარდა ქვეყნის განვითარებას და რა მოგება ნახა ფულის გამცემმა.სწორედ ამიტომაა, რომ მათ ჩვენი შეკითხვაც კი აღიზიანებთ. ნუთუ, ეს შეკითხვაც რუსული კანონია? 6 მილიარდი თუ მოახმარე ამ ქვეყანას, რატომ გაურბიხარ საკუთარი ქველმოქმედების წარმოჩენას? როცა ამას აკეთებ, გამოდის, რომ ბევრი რამ გაქვს დასამალი. დასამალი გაქვს პირველ რიგში ის, რომ შენს მიერ გაცემული ე.წ. დახმარება, სინამდვილეში, არა საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ ე.წ. დახმარების შედეგად, მივიღეთ ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი. კრედიტებს, რომლებიც 2008-11 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის.გასაგებია, რომ 30 წლის მანძილზე დახარჯული თანხების გაშიფვრა არ გინდა, მაგრამ დღეს რას ხარჯავ, ის მაინც გააგებინე ქართულ საზოგადოებას. იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება? ეს რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, იქნებ, საერთოდ უარი თქვას ამ ე.წ. დახმარებაზე?გარდა ამისა, ენჯეოებზე გაცემული გრანტებით მთელი ეს წლები ისე არყიეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, მისი ეკონომიკა, რომ მათ გარეშე, ბუნებრივია, საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო წინ იქნებოდა. ამ გრანტების მოცულობა გრანტებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის მოცულობას რომ შევადაროთ, დარწმუნებული ვართ, მინიმუმ ათმაგ სხვაობას მივიღებთ. ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი.მართალია, „ქართულ ოცნებაში“ ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ისინი სწორ აქცენტებს არ აკეთებდნენ, რასაც ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე შეიძლებოდა მიეყვანა.ჩვენმა ქვეყანამ ამ სამ წელიწადში უამრავი სირთულე დაძლია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, დაუძინარი მეგობრების გეგმა ცხადია - საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, 2020 წლიდან რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა უკვე მესამედ სცადონ. თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, დარწმუნებული ვართ, რომ რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება.ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება. ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის.ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. უკრაინის ამჟამინდელი ომის მთავარი დაზარალებული, თავად უკრაინის შემდეგ, ევროპაა. ევროპულ აგენტოკრატიას კი საკუთარ ხალხზე სადარდებლად არ სცალია, რადგან დავალებული აქვს, უკრაინის ომი ბოლო უკრაინელამდე (როგორც ამას დასავლელი პოლიტიკოსების პრაგმატული ნაწილი ხშირად ამბობს ხოლმე) და ბოლო ევროპულ საწარმომდე გააგრძელოს.სიტყვამ მოიტანა და ყველა ვხედავთ, როგორ იქცევა უკრაინის ხელისუფლება. იმ საბაბით, რომ სანქციებს არ შევუერთდით და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, ანუ საკუთარი ეკონომიკა არ დავაქციეთ და ომში არ ჩავერთეთ, ზელენსკიმ 2022 წელს საქართველოდან ელჩი გაიწვია. შარშან, იმავე ზელენსკიმ უკრაინიდან გააძევა ჩვენი ელჩი იმ სამარცხვინო საბაბით, რომ, თითქოს, პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა სააკაშვილს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არაჟნის კონტეინერით საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნა. უმძიმესი ქართველი კრიმინალები დღემდე იკავებენ მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინას უწევს ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას.საინტერესოა, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს უკრაინის ხელისუფლება. იმ მიზნით ხომ არა, რაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთგზის ღიად თქვეს? იმიტომ ხომ არ გვებრძვიან, რომ დანილოვისა და პოდოლიაკის მოწოდებების მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გავხსენით? ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ ზელენსკის დამოუკიდებლობის ხარისხი ზუსტად ისეთივე დაბალია, როგორიც სააკაშვილის იყო 2008 წელს. ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიფიქრობთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩვენს დაშანტაჟებას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იმავე პატრონების კარნახით ცდილობს, რომლებიც სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებისას პატრონობდნენ და რომლებიც ახლა უკვე ევროპასაც ფართოდ დაეპატრონენ.ბუნებრივია, ევროპა უკეთ შეძლებდა თავის დაცვას, ევროპული ბიუროკრატია თვისებრივად გარედან რომ არ იმართებოდეს. ვხედავთ, რომ ევროპულ სტრუქტურებს რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ. 2021 წლიდან ევროკავშირის სამივე მთავარი სტრუქტურა ჩართეს საქართველოზე თავდასხმაში. ევროპარლამენტს მიაღებინეს 3 რეზოლუცია, რომლებითაც უმძიმესი დამნაშავეების გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოათხოვინეს. ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათქმევინეს უარი. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოიყვანეს საქართველოში და მისი ხელით, საქართველოს კონსტიტუციის 19 აპრილის შეთანხმებით ჩანაცვლება მოინდომეს. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნების“ დანგრევა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურის დაბრუნება იყო.სადაც ევროპული აგენტოკრატიის ჩარევა არ იყო საკმარისი, საქმეში უშუალოდ ამერიკული აგენტურა ერთვებოდა. სწორედ მათ დაუწესეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქციები ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს და ყოფილ მთავარ პროკურორს. როდესაც მტკიცებულებების გარეშე შენი მოქალაქის სანქცირებას უშვებ, გამოდის, რომ სახელმწიფო არ ხარ. სწორედ ეს იყო სანქციების მთავარი მიზანიც: ხელისუფლება თუ გატყდებოდა, სახელმწიფოც იოლად ჩამოიშლებოდა. კარგია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ პრინციპულობა აჩვენა და სახელმწიფოს ჩამოშლა არ დაუშვა.კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ხელისუფლება სწორ აქცენტებს არ აკეთებდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს საფუძვლიან მოლოდინსაც: საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა მესამედაც სცადონ. თუმცა, თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და ქვეყანა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებს.