ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა

გლოვა

ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რევაზ მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს ინფორმაციას.

რევაზ მაჭარაშვილი დაიბადა 1954 წლის 20 იანვარს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. 1971 წელს სოფელ კორბოულის 1-ელი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტად, რომელიც წითელ დიპლომზე დაასრულა 1977 წელს.

1984 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება.
რევაზ მაჭარაშვილი ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის აპარატის უფროსი და კოლეგიის წევრი.

რევაზ მაჭარაშვილი 9 წიგნის ავტორი იყო. ორგზის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით მინიჭებული ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიასა და მირზა გელოვანის სახელობის პრემიები. არჩეული იყო საჩხერის საპატიო მოქალაქედ.

რევაზ მაჭარაშვილის ღირსეული შემოქმედისა და პიროვნების ხსოვნა დიდხანს დარჩება ქართველ მწერალთა მეხსიერებაში“, - ნათქვამია პოსტში.