საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა

საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა

თბილისის საკრებულომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა. ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი ახალი პროგრამა - „მუსიკა გვაერთიანებს“ - წარუდგინეს.

ღონისძიება საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მიქაუტაძის, ინიციატივით გაიმართა.

დღის ცენტრის „მშობელთა ხიდის“ პარაორკესტრი უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ და მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ საქმიანობას. ორკესტრი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კატეგორიის შშმ ბავშვები და მოზარდები, შექმნილ პროექტს უნიკალურობას და განსაკუთრებულ სოციალურ ღირებულებას ანიჭებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე პარაორკესტრის წევრებს მიესალმა და წარმატება უსურვა მათ.  ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ ნიჭიერ ბავშვებზე ზრუნვა, მათი ნიჭის რეალიზებისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ,როდესაც არის ნიჭი და არსებობს მონდომება, ადამიანის შესაძლებლობები მართლაც შეუზღუდავია. მადლობა ორკესტრის თითოეულ წევს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო დღევანდელი არაჩვეულებრივი კონცერტის ჩატარებას, ვინც მხარს უჭერს ამ ადამიანებს.

ჩვენი მხრიდან პირობას ვდებთ, რომ თბილისის საკრებულო და თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც გააგრძელებს ამ ორკესტრის მხარდაჭერას და  ზოგადად შშმ პირთათვის განკუთვნილი  ყველა  მუნიციპალური პროგრამის შეუფერხებლად მოქმედების უზრუნველყოფას“,  - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაზე პარაორკესტრის წევრებს ასევე მიესალმა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე, რომელმაც მომავალ საქმიანობაშიც დიდი წარმატება უსურვა მათ.

„პარაორკესტრი ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების, სოციალური ინტეგრაციისა და კულტურული მრავალფეროვნების წახალისებას. ბავშვებზე და მოზარდებზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ვალია.

დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. წარმატებებს ვუსურვებ პარაორკესტრს. მადლობა დღის ცენტრ „მშობელთა ხიდს“. თქვენ გვერდით მიგულეთ ყველა ახალ წამოწყებასა და საქმეში შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკეთილდღეოდ“,  - განაცხადა  ბექა მიქაუტაძემ.

ღონისძიებაზე  „მშობელთა ხიდის“ დირექტორმა თეონა ყაჭეიშვილმა ცენტრის ბენეფიციართა საჭიროებებსა და მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება მუსთერაპიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია,  საკრებულოსა და მერიის წევრები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.