ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
ქართველი ეკონომისტის, აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ ჩინურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ჰონგ-კონგში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
წიგნი თავდაპირველად 2024 წლის ბოლოს გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომცემლობა iUniverse-ის მიერ (ISBN: 978-1663265777, 336 გვ.) და ხელმისაწვდომია ბმულზე: Amazon. ჩინურენოვანი გამოცემა მომზადდა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის ინიციატივით, ხოლო წიგნის ელექტრონული ვერსია (DOI: 10.61362/CORE3001) ხელმისაწვდომია ჩინურენოვანი მკითხველისთვის ონლაინ.
„რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე“ წარმოადგენს ესეების კრებულს, სადაც განხილულია ეკონომიკური მეცნიერების არატრადიციული და სადისკუსიო თემები, რომლებიც ხშირად ვერ ჯდება ეკონომიკური თეორიის ტრადიციულ ჩარჩოებში.
წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის არის, რომ ავტორი მკითხველს სთავაზობს თანამედროვე ეკონომიკის კრიზისის ანალიზს და მისი დაძლევის თეორიულ რეკომენდაციებს. ვლადიმერ პაპავა ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი უნდა ჩაითვალოს წარმოების დამოუკიდებელ ფაქტორად და შემოთავაზებულია საბაზრო თანასწორობის ახალი თეორიული კონცეფცია.
ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საკითხებს, ჩამორჩენილობის მიზეზების გაანალიზებას და „მკვდარი ეკონომიკის“ — ხელოვნურად შენარჩუნებული ეკონომიკური მოდელების — ფუნქციონირების კვლევას პოსტკომუნისტურ და გლობალურ კონტექსტში.
წიგნში განხილულია თანამედროვეობის აქტუალური თემებიც — COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, ასევე ეკონომიკური სანქციების გარე ეფექტები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო უკრაინაში ომის გამო.
ნაშრომი მკითხველს სთავაზობს ეკონომიკური მეცნიერების პრობლემების ღრმა ანალიზს, არაერთ საკამათო მოსაზრებასა და ახალ ხედვას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ლადო პაპავას მეცნიერულ ორიგინალობასა და მის საერთაშორისო მნიშვნელობას.