პროექტ - „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ

პროფესია პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პროექტ - „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ქ. თბილისის N190-ე და N181-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამსახურის საქმიანობის, მისი ფუნქციური სტრუქტურისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მისი როლის გაცნობა. მოსწავლეებმა ადგილზე გაიგეს, როგორ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაში.

ღონისძიების ფარგლებში მათთვის მოწყობილი იყო სხვადასხვა მიმართულების საჩვენებელი სწავლება: ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება, სამთო-სამაშველო და ურბანული ოპერაციები, ასევე,მანქანის ხანძრის ქრობის პროცესი. გარდა ამისა, მოეწყო სამაშველო ბატუტის შესაძლებლობების დემონსტრირებაც. საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მიერ სიმულაციური სამაშველო ოპერაციის ჩატარების ჩვენებით დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც, რომელიც სპეციალურად მათთვის იყო მოწყობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აგრძელებს კამპანიას „პროფესია პოლიციელი“. მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდება და პროფესიის პოპულარიზაცია. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში 4000-მდე მოსწავლე ჩაერთვება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.