„მიწისძვრით გაჩენილმა ხახიეთის ტბამ მეც მომიკლა მამა...“ - რას ჰყვება შვილი გმირ მამაზე, რომელმაც მთელი სოფელი გადაარჩინა

ხახიეთის ტბა

დიდი ტრაგედიების ექო დიდხანს რჩება ადამიანის ფსიქიკაში. ასე მოხდება თურქეთის 2023 წლის 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგაც. ჩვენც ჩვენი მიწისძვრის მოუშუშებელი ექო გვაქვს: 1991 წლის რაჭის 9-ბალიანი მიწისძვრა, შთანთქმული 45-კაციანი სოფელი ხახიეთი და სოფლის ადგილას წარმოქმნილი უძირო ხახიეთის ტბა. თუმცა დიდ ტრაგედიებს, როგორც წესი, სულის დიდი გამონათებაც ახლავს, როგორც ნუგეში. ჩვენ ესეც გვაქვს: ხახიეთის ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადარჩენილი კიდევ ერთი სოფელი პერევი და მისი გადამრჩენელი 37 წლის ვახტანგ ბეკოშვილი. გმირი, რომელსაც 4 შვილი დარჩა - მათგან ყველაზე დიდი 10 წლის, ყველაზე პატარა კი 4-ის. 

- ხახიეთის ტრაგედიაზე იმდენად ცოტამ იცის, არც სჯერათ, თუ ეს მოხდა და ვმწარდები. ამ დროს ვწერ ხოლმე, მამაც ამ ტრაგედიამ წამართვა-მეთქი. მისმა სიკვდილმა 4 შვილი ობლად დაგვტოვა. 

მიწისძვრის დღესაც, 1991 წლის 29 აპრილს, შინ იყო. ამ დროს ირგვლივ ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, მთებიდან მტვერი ავარდა და საშინელი­ ხმაური ატყდა. იმ დღეს სოფელში ყველა სახლი დაიბზარა, ზოგი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ჩვენ გადავრჩით. იმ წუთებში აზრადაც არ მოგვსვლია, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი სოფლის თავზე, სოფელ ხახიეთში - მიწა გაიხსნა, მთელი სოფელი ჩაიტანა, მერე კი იმ ღრმულში წყალი შეიჭრა. ნელ-ნელა ავსებდა ღრმულს და ტბად იქცეოდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგეთ, როდესაც ხალხი მოვიდა გონზე. იმ დღიდან მამაჩემი სახლიდან არ გასულა. ყველას გვეჩვენებოდა, რომ უბედურება ისევ განმე­ორდებოდა. ერთ დღეს ჩვენთან მამაჩემის მეგობრები შეიკრიბნენ და ყოფილ სოფელ ხახიეთის მახლობლად, წმინდა გიორგის სალოცავში ასვლა გადაწყვიტეს. სალოცავი მიწისძვრას გადაურჩა. მამას ტრაქტორი ჰყავდა, რაც მისწრება იყო სამუშაოდაც და ძნელ გზაზე სასიარულოდაც. ამიტომ ზედ დასხდნენ და გზას გაუდგნენ. ეს იყო 26 მაისი - დაახლოებით 3 კვირა იყო გასული მიწისძვრიდან. იმ დღეს შინიდან წასული მამა აღარ დაბრუნებულა. მიმავლებს ერთი ჩვენი სოფლელი შემოხვედრიათ ყვირილით, რომელიც ხახიეთის ტბის ახლო ადგილებიდან ბრუნდებოდა, ჩქარა უკან გაბრუნდით, ტბიდან მალე წყალი მოვარდება, შეიძლება მთელი პერევი ამოახრჩოს, ხალხი გააფრთხილეთ­, შემაღლებულ ადგილებში გაიქცნენო­...მამაჩემი იმწამსვე მობრუნდა უკან. სოფლის ყველა­ უბანში ტრაქტორით დადიოდა და ყვიროდა, ტბი­დან წყალი დაიძრა და თავს უშველეთო. ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 500 მეტრში შემაღლებული ადგილია და ყველა იქით გაიქცა. დედას არ უნდოდა სახლის დატოვება, ვახტანგი მალე მოვა და ერთად გავიქცეთო, მაგრამ ბიძაჩემმა არ დატოვა, ბავშვები გაიყვანე, ჩემს ძმას მე დაველოდებიო. სწორედ ბიძაჩემმა დაინახა, როგორ წაიღო მამა ტრაქტორიანად მოვარდნილმა წყალმა.

ხშირად ვფიქრობ, როგორ უძლებს ადამიანი ამხელა უბედურებას. თუმცა ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით, რომ ამ ამბის დრამატიზმი გაგვეცნობიერებინა, ოღონდ მამა კი გვენატრებოდა. უკვე დიდობაში გავაცნობიერეთ, რა გააკეთა მამაჩვენმა, როგორ იცხოვრა თავისი 37 წელი. მამას ყველაზე ბოლოს მო­ხუცი, გვარად ტოროშელიძე გაუყვა­ნია სამშვიდობოს. ყველაფერი­ გვიამბო იმ ქალმა: ჭალაში მდინარის­ მოტანილ შეშას ვაგროვებდი, როდესაც ვახტანგი მოვარდა, ჩქარა, წყალი დაიძრა და დაგახრჩობსო. მე იქაურობას მომაცილა, თავად კი გაბრუნდა. ამ დროს მოვარდნილი წყლის გუგუნიც გავიგონეო. მორევმა მამაჩემი ტრაქტორიანად გაიტაცა. ახლა აღარც ბიძაჩემია ცოცხალი. არადა­, დღესაც ხანდაზმული არ იქნებოდა. დედაჩემის გულსაც დაეტყო სიმძიმე. გაუჭირდათ გაძლება. ბიძაჩემი გვიყვებოდა, მორევი რომ მოვარდა, ჯერ ჰაერის ტალღა მოუძღვებოდა, რომელმაც ვახტანგი ტრაქტორიანად აიტაცა, წყალი მერე მოვარდა და კაცი და ტრაქტორი ერთად ჩაიხვიაო. წარმოიდგინეთ, რამხელა წყალი უნდა იყო! მამა სამი კვირის შემდეგ ვიპ­ოვეთ, იმ ადგილიდან სამ კილომეტრში, ტრაქტორიც­ იქვე ახლოს. მამას­ ხელი უჩანდა შლამიდან, ამით ამოიცნეს... მოვარდნილმა წყალმა მთლიანად დატბორა სოფლის ნაკვეთები.­ რომ არა გაფრთხილება, წესით, ამ დროს ხალხი ნაკვეთებში უნდა ყოფილიყო. მორევმა უზარმაზარი ლოდები დაგვიტოვა და იმ დღეს გვახსენებს. ძვრას ვერავინ უზამს ტექნიკის გარდა.­ მამაჩემი კი წაიყვანა. წაიკითხეთ სრულად