მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსაყდრესთან მიმართებაში, კომისიასთან დაკავშირებით, იყო უადგილო და შეურაცხმყოფელი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შესახებ

მიქაელ ბოტკოველი

საპატრიარქოს ეპარქიული კომისია კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართავს, ვიდრე ის გულწრფელ სინანულს არ გამოავლენს. კომისიის დასკვნას საპატრიარქო აქვეყნებს.

დასკვნაში წერია, რომ 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაბარებული იყო მიტროპოლიტ შიოსთან და მიტროპოლიტ თეოდორესთან, სადაც მას მიუთითეს მის მიერ ცილისმწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც, სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება.

საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ კი არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა.

"მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსაყდრესთან მიმართებაში, კომისიასთან დაკავშირებით, იყო უადგილო და იყო შეურაცხმყოფელი. მან ითხოვა შემდეგში სიტყვა და ცდილობდა აეხსნა, თუ რატომ თქვა ეს წინადადება და ასე რატომ მიუთითებდა ხელით საპატრიარქოზე და ამბობდა, რომ აქ ზის ეგზარქოსი. ეს, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მძიმე შეურაცხყოფა როგორც მღვდელმთავრებისთვის, ისე თვით ეკლესიის მეთაურისთვისაც", - ამბობს დეკანოზი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელი (ბოტკოველი).