მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

ნკ

თბილისში ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნა. მეტეხის ხიდზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაუშვეს.

„ასი ათასი მოწამის დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. ეს არის სულის ზეიმი და გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქი დღეს განსაკუთრებით ხარობს და ბრწყინავს, იმიტომ რომ სიტყვისამებრ წმინდა იოანე ოქრო პირისა - „მოწამეთა სინათლე ათას მზეზე და ციურ სხეულზე მეტად ნათობს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.