მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება

 მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (თბილისი–სენაკის მიმართულება) მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთება.

სამუშაოების გამო, 2025 წლის 2 დეკემბრიდან, 10 დღის განმავლობაში ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა, რომლის სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.