1780955048
„ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ჭრილობები მიაყენა“ - განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა
კასპში ყოფილი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ბურდულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გორის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.
დანაშაული 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ზურაბ ბურდული ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალს ბენზინი გადაასხა და ჭრილობები მიაყენა.
43 წლის ზურაბ ბურდული იმავე დღეს დააკავეს. თავდაპირველად ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით - განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით - წარუდგინეს.
თათია ლომინაძის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი და მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა 2025 წლის 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.











