სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატები გადასცა

სურსატის ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, დამატებით, 200 ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი გადასცა. აპარატებით ასოციაციის მეთხილე ფერმერები ისარგებლებენ. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ.

ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა დაესწრნენ.

აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად განაწილდება სხვა რეგიონებში. ფერმერები აგროკონსულტანტების რეკომენდაციებსაც მიიღებენ იმ შესაწამლი ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 30 ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს. შექმნილია 2700-მდე ჯგუფი, თითოეული 12-მდე ფერმერის შემადგენლობით. „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ ასოციაციას, ჯამში, 2800 სპეციალური აპარატი გადასცა.