რა დროს უტოლდება კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი საჰარას სიმშრალეს? - ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

კონდიციონერი

მაღალი ტემპერატურა, მწველი მზე ქუჩაში და ცხელი ჰაერი სახლში, ზაფხულში გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. შესაბამისად, ზაფხულის ცხელ დღეებთან გამკლავებაში კონდიციონერი ძალიან გვეხმარება. ის დღესდღეობით კომფორტული გარემოს შექმნის აუცილებელ ელემენტად მოიაზრება. თუმცა, ჰაერის კონდიცირებას ყველა დადებით მხარესთან ერთად, შესაძლოა, ჩვენს კანზე გარკვეული უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ნამდვილ ექიმებში" ისაუბრეს. როგორც ექიმების რეკომენდაციებიდან ირკვევა, კონდიციონერი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. ასევე, როგორც კვლევები მიუთითებს, თუ კონდიციონერი მუდმივად არის ჩართული, მის მიერ გამომშრალი ჰაერი უტოლდება საჰარას სიმშრალეს.

რაში მდგომარეობს მთავარი გამოწვევა და რა პრობლემები ექმნება ჩვენს კანს?

კონდენსატი, ანუ წყალი შეკუმშული ჰაერის სისტემებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. კონდიციონერის მილიდან გადმოსული წყლის წვეთები, ოთახის ჰაერიდან გამოდევნილი ტენია. კონდიციონერის მუშაობის პერიოდში, მის გარეთა ნაწილს, 2 საათში 3 ლიტრამდე სითხის დაგროვება შეუძლია. ეს სწორედ ის წყალია, რომელიც ჩვენს ოთახში უჩინრად ჰაერში ცირკულირებს. გამოდევნილი წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კონდიციონერის სიმძლავრეზე, გასაგრილებელი ფართის ზომასა და ჰაერის ტენიანობაზე.

ჰაერის იდეალური ტენიანობა 40-60% უნდა იყოს. ჰაერის გამაგრილებელი, რა თქმა უნდა, ვერ აკონტროლებს ჰაერის ტენიანობას ოთახში. შედეგად, გამომშრალი ჰაერი ჩვენი კანის ზედაპირს აშრობს. ამასთან, როდესაც გრილი ოთახიდან გარეთ, სიცხეში გავდივართ, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დიდი სტრესია ჩვენი კანისთვის. ამ ყველაფრის გამო, კანი გაღიზიანებულია, გამომშრალია, იქერცლება, კარგავს ელასტიკურობას და ნაოჭები ჩნდება.

კანი კონდიციონერის გავლით, უფრო მგრძნობიარე ხდება და ადამიანები, რომლებიც მუდმივად კონდიციონერით გაგრილებულ ოთახებში სხედან, უჩივიან აკნეს და სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებს. ამ ყველაფერს ემატება გამომშრალი ცხვირის ღრუ და ხველა. თუ ადამიანს კანის ქრონიკული დაავადებები აწუხებს, როგორიც არის დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა, რასაც ემატება სიცივისა და სიცხის მკვეთრი მონაცვლეობა, აუცილებლად გაუარესდება თქვენი კანის მდგომარეობა.

რა მოვიმოქმედოთ?

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დავლიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ვსვამთ, კანი კარგად უნდა დავიტენიანოთ, მივირთვათ ხილი, რომელიც შეგვივსებს სითხის დეფიციტს და შეგვავსებს მინერალებითა თუ ვიტამინებით. ასევე, აუცილებელია ოთახში იყოს დამატენიანებელი აპარატი, რომელიც შეავსებს იმ დაკარგულს წყალს, რასაც კონდიციონერი "იპარავს" ჩვენი ოთახიდან. მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ცხელ შხაპს, რადგან ის უფრო აშრობს ჩვენს კანს. სასურველია ოთახში შენარჩუნებული იყოს 20-22 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა.