1764853610
"შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილეს იურიდიულ კომიტეტში - ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, მუნიციპალიტეტის ნაცვლად, შსს გააფრთხილოს
"შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილეს იურიდიულ კომიტეტში. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, მუნიციპალიტეტის ნაცვლად, გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებას მიენიჭება უფლებამოსილება, ორგანიზატორებს შეაცვლევინოს ადგილი ან მიმართულება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციების ან ტრანსპორტის მუშაობას და ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა.
"1 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ათეული და ხანდახან ასეული ადამიანი პირდაპირ ძალადობს მილიონ-ნახევარზე მეტ ადამიანზე, თბილისის მოსახლეობაზე, სხვადასხვა ქალაქშიც მათ შორის. და უმნიშვნელოვანესია, რომ დაცული იყოს ბალანსი ერთის მხრივ მანიფესტაციის უფლებასა და მეორეს მხრივ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს შორის.
სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს როგორც ახლა აქვს ვალდებულება, რომ წინასწარ გააფრთხილოს მუნიციპალური ორგანოები, ექნება ვალდებულება, რომ ამჯერად გააფრთხილოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თუ პირები ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმავე ადგილას, სადაც შს სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრებილიყვნენ ისევ და ისევ, რომ უზრუნველყოფილიყოს სხვათა უფლებების განუხრელი დაცვა, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმავენაირად, რაც ბოლო ცვლილებების დროს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ეს არის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - პატიმრობა სისხლის სამართლებრივი წესით, 1 წლამდე ვადით", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.











